Shine Energy-ის დამფუძნებელს ნინო გადელიას მიაჩნია, რომ ბიზნესისთვის მზის ელექტროსადგურებში ინვესტირების მიმართულებით ნეტო დარიცხვის სისტემაც საინტერესო იქნება.
"ნეტო დარიცხვის სისტემას უარყოფითად არ ვუყურებ, რადგან ვფიქრობ, რომ მაინც საინტერესო იქნება მზის ელექტროსადგურებში ინვესტიცია. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ყოველ წელს (მზის სადგურების) საინვესტიციო ღირებულება მცირდება. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ვისაც მნიშვნელოვანი მოხმარება აქვს წარმოებას, სამაცივრო მეურნეობას და ა.შ. მათზე დიდ გავლენას ახალი სისტემა არ მოახდენს.
რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, დღესაც კი უჭირთ მათ ინვესტიციის განხორციელება, რადგან საფინანსო ინსტიტუტები ორიენტირებული არიან ძირითადად იურიდიულ პირებზე, იქნება სესხის სუბსიდირება თუ სხვა შეთავაზებები. ამას გარდა, რაც უფრო პატარაა სადგური საინვესტიციო ღირებულება უფრო მეტია. ფიზიკურ პირებზე შეუძლებელია ნეტო დარიცხვამ ისე კარგად იმუშაოს, იმიტომ, რომ ვერ იყენებენ იმდენ ელექტროენერგიას (რამდენსაც იურიდიული პირები) და მათთვის აუცილებელია რეზერვი ჰქონდეთ ან თვიდან თვეზე გადაიტანონ", - ამბობს გადელია.
ცნობისთვის, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროენერგიის სადგურებისთვის ანაზღაურების სქემა იცვლება.
"ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მიერ მომზადებული კანონპროექტით, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელისთვის სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურებების არსებული შეღავათი უქმდება. პროექტის მიღების შემდეგ, სემეკი დაადგენს ელექტროსადგურის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის, აგრეთვე ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ანაზღაურების პირობებს.
კერძოდ, კანონპროექტი შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს:
- უქმდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელისთვის სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურებების ანაზღაურებისგან გათავისუფლების შეღავათი და იგი ნაცვლდება კომისიის უფლებამოსილებით, დაადგინოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის, აგრეთვე ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ანაზღაურების პირობები.
- ასევე 2027 წლის იანვრამდე მიერთებულ ელექტროსადგურის საბოლოო მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა, 2033 წლის იანვრამდე ისარგებლოს მიერთების მომენტისათვის მოქმედი პირობებით, რაც მოიცავს წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვასა და შედეგად ოპერირების მომსახურებებისგან გათავისუფლებას.
- კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე მიაღწევს კომისიის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას. ასეთ შემთხვევაში, 2027 წლის იანვრამდე შესაძლებელი იქნება 100 კილოვატამდე მიკროსიმძლავრის მიერთება იმ პირობით, რომ ნაცვლად წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვისა, მომხმარებელი ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიაზე მიიღებს კომისიის მიერ დადგენილ საფასურს, ხოლო ქსელიდან მიღებულ ელექტროენერგიაზე აანაზღაურებს როგორც მიწოდების, აგრეთვე, სასისტემო მომსახურებების საფასურს, კომისიის მიერ დადგენილი წესით.
ეს ნიშნავს, რომ ნეტო აღრიცხვის სისტემაში უკვე ჩართული მიკროსიმძლავრეებისთვის არსებული პირობები 2033 წლამდე იგივე დარჩება, ხოლო 2027 წლიდან ახალი მიკროსადგურებისთვისთვის ნეტო დარიცხვის სისტემა იმოქმედებს. თუ ნეტო აღრიცხვის სისტემაში წელიწადში ერთხელ ხდება გაქვითვა და ანგარიშსწორება, ნეტო დარიცხვის შემთხვევაში, ეს ყოველთვიურად იქნება. მომხმარებელი მის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადაიხდის სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით, ხოლო ენერგია, რომელიც მისი ობიექტის მიერ იქნება გამომუშავებული და ქსელში გაშვებული, კომპანიები ყოველთვიურად აუნაზღაურებენ შესაბამის თანხით.
განმარტებით ბარათში წერია, რომ თებერვლის მდგომარეობით გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულია სულ 1805 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური (სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში - 465, ხოლო სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ – 1340).
არსებულ მომხმარებლებზე, ასევე სხვა მომხმარებლებზე, რომლებიც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მოქმედ სქემაში ჩაერთვებიან 2027 წლის 1 იანვრამდე, კანონპროექტს გავლენა ექნება მხოლოდ 2033 წლის 1 იანვრიდან, როცა მათ დაერიცხებათ სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურები.
ეს საფასური დღეის მდგომარეობით გადაცემისთვის არის 3.298 თეთრი, ხოლო განაწილებისთვის 2.303-დან 7.859 თეთრამდე.