ოდრი კრიუსმა, ქალმა, რომელმაც მოძრაობის უნარი ორი ათწლეულის წინ დაკარგა, საკუთარი სახელის დაწერა მხოლოდ გაფიქრებით შეძლო - ამის შესაძლებლობა პარალიზებულ ქალს ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა მისცა, რომელიც ტვინის ჩიპებს აწარმოებს. ოდრი კრიუსი პირველი ქალი იყო მსოფლიოში, რომელმაც იმპლანტი მიიღო.
ქალმა საკუთარი გამოცდილება X-ზე გააზიარა და განმარტა, როგორ მუშაობს BCI (Brain-Computer Interface) ტექნოლოგია.
"გასულ კვირას ოპერაცია გავიკეთე და ყველაფერი საოცრად მიდის. ეს იყო ტვინის ოპერაცია, მათ თავის ქალაში ხვრელი გამიკეთეს და მოტორულ ქერქში 128 ძაფი ჩამიდეს. ჩიპი დაახლოებით მონეტის ზომისაა. BCI საშუალებას მაძლევს, გონების გამოყენებით ვაკონტროლო ჩემი კომპიუტერი. უახლოეს მომავალში მეტი ელექტრონული მოწყობილობის მართვას შევძლებ. ასევე მინდა განვმარტო, რომ ეს იმპლანტი არ მომცემს საშუალებას, რომ ისევ ვიარო ან დავიბრუნო მოძრაობა. ის მხოლოდ ტელეპათიისთვისაა", - წერს პაციენტი.
ოდრი კრიუსზე ინფორმაცია თავად ილონ მასკმაც გააზიარა და აღნიშნა, რომ ქალი "საკუთარ კომპიუტერს მხოლოდ ფიქრით აკონტროლებს, ბევრი ადამიანი კი ჯერ ისევ ვერ იაზრებს, რომ ეს შესაძლებელია".
კრიუსი Neuralink-ის კლინიკური ტესტირების ერთადერთი მონაწილე არ არის. ნიკ ვრეიმ საკუთარი გამოცდილების შესახებ იმპლანტის გააქტიურებიდან სამი დღის შემდეგ დაწერა: "დღეს N1 Telepathy ჩიპის გამოყენების მესამე დღეა და წლებია, ციფრული ავტონომიის მსგავსი დონე არ მქონია".
ილონ მასკმა Neuralink 2016 წელს დააფუძნა. კომპანია მიკროჩიპის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს, რომლის თავის ტვინში იმპლანტაციის მეშვეობით ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი. Neuralink-ის მოწყობილობის მთავარი დანიშნულება ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა. Neuralink-მა ტვინის იმპლანტის ადამიანებზე გამოცდის ნებართვა აშშ-ის მარეგულირებლისგან, FDA-სგან, 2023 წელს მიიღო.




























