ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებას დემოკრატიისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
"საქართველოს მთავრობამ 7 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები გაყინა. ეს დემოკრატიისთვის უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯია და პირდაპირი დარტყმაა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობაზე არიან დამოკიდებული",- წერს საგარეო უწყება სოციალურ ქსელში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 27 აგვისტოს, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს დაედო ყადაღა. ეს ორგანიზაციები არიან: ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველები“ , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ , ა(ა)იპ „საფარი“, ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.


























