მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიკა გილაური Reformatics-ის მიერ ლობისტური კონტრაქტის გაფორმებას განმარტავს - განცხადება

გილაური

"ღრმად მჯერა, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმებით ჩვენი კომპანია საქართველოსთვის სასარგებლო და სტრატეგიულად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და კიდევ გააკეთებს", - ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერი და Reformatics-ის დამფუძნებელი ნიკა გილაური აშშ-ში 600,000 დოლარის ლობისტური კონტრაქტის გაფორმებას.

კონტრაქტის ღირებულება 600,000 დოლარს შეადგენს და ის ლობისტურ კომპანია Continental Strategy-სთან გაფორმდა.

ამ კონტრაქტის ფარგლებში, Continental Strategy-ის მთავარი მიზანი იქნება საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. კომპანიას დაევალა, დაამყაროს და განამტკიცოს ურთიერთობები აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოს საკვანძო პირებთან, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკის ფორმირებას და ორი ქვეყნის ინტერესების შესაბამისობას.

კონტრაქტის მიხედვით, Continental Strategy-ის წარმომადგენლები უშუალოდ ჩაერთვებიან აშშ-ის მთავრობის შესაბამის უწყებებსა და დეპარტამენტებში მიმდინარე პროცესებში. ასევე, ისინი აქტიურად ითანამშრომლებენ კონგრესის იმ კომიტეტებთან, რომელთაც აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებზე პირდაპირი გავლენა აქვთ.

გილაური აზუსტებს, რომ კონტრაქტის მიზანია, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ინვესტიციების მოზიდვას და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში დახმარება. ასევე, ამ რეგიონის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაში ამერიკასთან და ევროკავშირის ქვეყნებთან.

"მინდა გამოვეხმაურო დღეს დილით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას "რეფორმატიკსის" მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპანია Continental Strategies-თან თანამშრომლობის შესახებ (https://www.continentalstrategy.com).

პირველ რიგში მინდა დავადასტურო, რომ დიახ, ჩვენი კომპანია რეფორმატიკსი - და არა მე, ნიკა გილაური, როგორც ეს მედიაში გავრცელდა - ვთანამშრომლობთ Continental Strategy-სთან. ეს არის ხელშეკრულება ორ კერძო კომპანიას შორის, ამაში დასამალი არაფერია და, როდესაც ამ ხელშეკრულებას ვაფორმებდით, რა თქმა უნდა ვიცოდით, რომ შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნდებოდა FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად.

მეტიც, Continental Strategy არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, მაღალი რეპუტაციის მქონე და კვალიფიციური საკონსულტაციო კომპანია ამერიკის კონტინენტზე. მისი დამფუძნებელი და პრეზიდენტი კარლოს ტრუხიო არის პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი და მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის წამყვანი კომუნიკატორი, დიპლომატი, პოლიტიკოსი რესპუბლიკური პარტიიდან და ასევე, იყო პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელი ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაციაში (Organization of American States).

მეორე, მინდა დავაზუსტო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ხელშეკრულების მიზნების შესახებ. ხელშეკრულება პირველ რიგში გაფორმდა იმიტომ, რომ Continental Strategy დაეხმაროს რეფორმატიკსს მისი მთავარი მიზნის მიღწევაში - სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაში და ამ რეგიონის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაში ამერიკასთან და ევროკავშირის ქვეყნებთან. ჩვენი კომპანიის ეს მიზანი შეესაბამება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ასევე, ჩემს ხედვას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გადაიქცეს რეგიონის სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბად (რაზეც ვრცელი საჯარო ლექცია წავიკითხე და არაერთხელ ღიად მისაუბრია მედიაშიც).

ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად, ხელშეკრულების შესაბამისად, Continental Strategy კონსულტაციებს გაგვიწევს ამერიკის ხელისუფლებასთან კომუნიკაციის დამყარების და სრულყოფისა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარების კუთხით.

თვალსაჩინოებისთვის, ვაკოპირებ შესაბამისი ნაწილების ქართულ თარგმანს:

“…[რეფორმატიკსის] მთავარი მიზანია ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იმ ქვეყნებში, სადაც საქმიანობას ეწევა - კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

მისი ხედვაა საქართველოს გარდაქმნა ევროპულ დემოკრატიად და საქართველოს ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში CASCA-ს (ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის რეგიონი) და აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის კავშირების პლატფორმის შექმნით.

ფირმა [Continental Strategy] თანახმაა მიაწოდოს კლიენტს [რეფორმატიკსი] მომსახურება მთავრობასთან ურთიერთობის სფეროში შემდეგი მიმართულებით:

• აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობების დამყარება პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობის მიზნით.

• დემოკრატიის, ანტიკორუფციული ინიციატივებისა და სამთავრობო რეფორმების ხელშეწყობის მხარდაჭერა აშშ-საქართველოს ურთიერთობებთან შესაბამისობაში.

• მთავრობასთან ურთიერთობების, პოლიტიკის ადვოკატირებისა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის კუთხით ფართო გამოცდილების გამოყენება შპს რეფორმატიკსის მიზნებთან შესაბამისობაში.”

ღრმად მჯერა, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმებით ჩვენი კომპანია საქართველოსთვის სასარგებლო და სტრატეგიულად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და კიდევ გააკეთებს", - წერს გილაური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები