ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იუსტიციის მინისტრს მიმართავს და საკითხის ღია ადმინისტრაციული წარმოებისკენ მოუწოდებს.
როგორც გვარამია აღნიშნავს, მიუხედავად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ტელევიზიას ჯერ კიდევ აქვს შანსი გადაწყვეტილება სრულად შეცვალოს.
„მივმართავ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მისი ინტერპრეტაცია ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით და იმის თქმა, რომ ქიბარ ხალვაშს ახლა შეუძლია, რომ მივიდეს სადღაც და სახელმწიფო დაურეგისტრირებს, ეს ასე არ არის და არასწორი ინტერპრეტაციაა სამართლებრივად და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თუ არის დანაშაულებრივი მითვისება მედიის, რომელიც მიუხედავად უმძიმესი გადაწყვეტილებისა სტრასბურგის სასამართლოში ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, რომ ეს გადაწყვეტილება სრულიად შეცვალოს", - განმარტა ნიკა გვარამიამ.
ტელევიზიის გენერალური დირექტორის აზრით, „რუსთავი2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენები ქვეყნის დემოკრატიისთვის გადამწყვეტია.
იმ შემთხვევაში თუ დიდი პალატა ამ ერთ საკითხზე მიიღებს გასაჩივრებას წარმოებაში და პირველი ინსტანციის მოსამართლე დაადგენს, რომ იყო მიკერძოებული, საქმე სრულად ინგრევა. ამ შემთხვევაში ქიბარ ხალვაში თუ დარეგისტრირებული იქნება და თან უკანონოდ საქმის შეტრიალება შეუძლებელი იქნება.
ამიტომ, ახლა ქიბარ ხალვაშის კანონსაწინააღმდეგო დარეგისტრირება იქნება საქართველოს კონსტიტუციის, ასევე ევროპული კონვენციის დარღვევა და ჩემი შეფასებით, თანამდებობრივი დანაშაული. ამიტომ მე მოვუწოდებ ამ საკითხზე ღია ადმინისტრაციული წარმოებისკენ იმიტომ, რომ ეს არ არის უბრალო საკითხი, ეს არის ძალიან სენსიტიური და ქვეყნის დემოკრატიისთვის გადამწყვეტი საკითხი", - განაცხადა გვარამიამ.
ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ დავის არცერთ პუნქტზე დარღვევა არ დააადგინა.
"რუსთავი 2" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მთავრობას სამი მუხლის დარღვევაზე ედავებოდა. სასამართლო მიუთითებს, რომ მან ქართულ სასამართლოებში დავის განხილვის პროცესში სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა ვერ დაადგინა.
ამასთანავე, სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას - "პანორამას" მიაკუთვნა.

























