კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს - ამის შესახებ "ტვ პირველს" ეთერში მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა.
როგორც კონდახაშვილი ამბობს, ოპოზიციონერი ლიდერი ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულმა გააჩერა და ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენა.
"აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დააკავეს ნიკა მელია. როგორც ჩემთვის არის ცნობილი ლისის ტბის მიმდებარედ მიდიოდა, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გადააყენა და ახსნა განმარტების გარეშე რამდენიმე პოლიციელი, მათ შორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ძალისმიერი მეთოდებით დააკავეს და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. გაუგებარია რასთანაა ეს კავშირში, რადგან არცერთ საქმეში მას აღკვეთი ღონსიძიება არ აქვს შეცვლილი და მიზეზი უცნობია. ფაქტობრივად მოიტაცეს", - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანის ე.წ. კომისიაზე არგამოცხადების საქმეზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო ხვალ უნდა გამართულიყო. მელიას აღნიშნულ საქმეზე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

























