ნიკა მელია გაათავისუფლეს. როგორც გათავისუფლების შემდეგ მან განაცხადა, მასზე პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ფიზიკურად იძალადა.
"2013 წლიდან ვარ პოლიტიკურ პროცესებში და ასეთი აგრესიული ხალხი არ მინახავს. ბევრჯერ ვყოფილვარ დაკავებული, მაგრამ არასდროს მქონია, მაგალითად პოლიციის შენობაში ფიზიკური კონტაქტი და ფიზიკური დაპირისპირება პოლიციელთან, პოლიციის შენობაში, დაკავების შემდეგ, ხელბორკილდადებულს. დღეს მქონდა.
ისანი-სამგორის სამმართველოს ე.წ. შუშებიან შენობაში ვიყავი დაკავებული, ხელბორკილებით და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვინმე გიორგი ჩოქური... სახეზე ვცნობდი ამ ადამიანს, რადგან აქციებზე აქტიური ბიძინისტია - ამ ადამიანთან შელაპარაკება მქონდა. ხელბორკილდადებული ვიჯექი, შეიძლება კადრები ამოიღონ. თუ ჩემს ნათქვამს შეეწინააღმდეგებიან, კადრები გამოაქვეყნონ, სკამზე მჯდომ, ხელბორკილდადებულ ადამიანს,ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჩოქური წიხლს მირტყამს“, - აცხადებს ნიკა მელია.
ცნობისთვის, ნიკა მელია დღეს თბილისის შემოსასვლელთან აქციის დროს დააკავეს. დაკავებულია კიდევ არაერთი აქტივისტი.




























