გასული წლის სექტემბერში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კორპორაციის, “თიბისი ჯგუფის” საერთაშორისო ოპერაციების ხელმძღვანელად ბრიტანელი ანტრეპრენიორი და მენეჯერი ოლივერ ჰიუზი დაინიშნა. კონკრეტული მიმართულების გარდა, რომელიც თიბისის არაქართული, ანუ საერთაშორისო ბიზნესის ხელმძღვანელობას მოიცავს, ოლივერ ჰიუზი “თიბისი ჯგუფის” აღმასრულებელი საბჭოს წევრიც გახდა. ამრიგად, თიბისის უზბეკურ ბიზნესს ახლა ნიკა ქურდიანი და ოლივერ ჰიუზი ხელმძღვანელობენ.
ოლივერ ჰიუზი ბრიტანელი ანტრეპრენიორია, რომელიც 2007-დან 2022 წლამდე მსოფლიოს უდიდესი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნეობანკის, Tinkoff Bank-ის მფლობელი Tinkoff Group-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი იყო. ამასთან, ოლივერ ჰიუზს განვითარებად ბაზრებზე ფინტექ-კომპანიების ჩამოყალიბებისა და მასშტაბირების 25-წლიანი გამოცდილებაც აქვს. ამრიგად, ამ რანგის მენეჯერის გუნდში დამატება მიღწევაა ნებისმიერი გლობალური კომპანიისთვის, მით უფრო თიბისისთვის.
მაშ, როგორ შედგა კომუნიკაცია თიბისისა და ოლივერ ჰიუზს შორის და რატომ დათანხმდა ოლივერ ჰიუზი “თიბისი ჯგუფის” საერთაშორისო ბიზნესის ხელმძღვანელობას? როგორც ანტერპრენიორმა უზბეკური Weekly-სთან ინტერვიუში განაცხადა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მისი ცხოვრება შეიცვალა, რის შემდეგაც ის ახალ გამოწვევას ელოდა, რომელიც უზბეკეთში, თიბისის სახით შეხვდა. ოლივერ ჰიუზი იმ სამუშაოსაც გამოეხმაურა, რომელიც ნიკა ქურდიანმა და თიბისის უზბეკურმა გუნდმა ქვეყანაში მის გამოჩენამდე განვლო. ბრიტანელი მენეჯერის შეფასებით, ნიკა ქურდიანმა და გუნდმა უზბეკეთში საოცარ ისტორიას დაუდეს სათავე.
“ყველაფერი სპონტანურად მოხდა, რადგან 2022 წელს, ჩემს ცხოვრებაში ერთბაშად ბევრი რამ შეიცვალა. მას შემდეგ, სხვადასხვა ქვეყანაში დიდ დროს ვატარებდი - ერთი წლის განმავლობაში, ფილიპინებში ბიზნესს ვაშენებდი, მერე კი რაღაც პროექტებში ვიყავი ჩართული, როგორც საუდის არაბეთში, ასევე ინდონეზიასა და ეგვიპტეში. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩემს დიდ მომდევნო პროექტს ვეძებდი. უზბეკეთი ჩემს რადარებში ხვდებოდა, მაგრამ ძალიან ღრმად არ შევსულვარ.
შემდეგ, აბსოლუტურად შემთხვევით, ერთ ადამიანს ვესაუბრებოდი, რომელმაც ნიკა ქურდიანთან გამაცნო, რომელიც უზბეკეთში “თიბისის” ხელმძღვანელობს და ამ ქვეყანაში ამ საოცარ ისტორიას დაუდო სათავე. ნიკას ველაპარაკე, მან კი მითხრა, ხვალვე ჩამოდიო. ჩამოვედი, მივიხედ-მოვიხედე და მივხვდი, რომ აქ დიდი ამბები იწყებოდა. ბაზარი საინტერესოა, ხოლო პროექტი - ძალიან მაგარია, ხოლო ნიკამ, თითქმის მაშინვე მთხოვა, გუნდის წევრი გავმხდარიყავი. ნიკა სამეწარმეო სულის მქონე ძალიან ცოცხალი ადამიანია. ვუთხარი, მოდი, ერთმანეთს დავაკვირდეთ - თიბისიმ მე შემომხედოს, მე კი თიბისის შევხედავ და გავიგებ, უზბეკეთში რა ხდება-მეთქი.
ამიტომაც, ექვსი თვე მრჩევლად ვმუშაობდი. უზბეკეთში ხშირად ჩამოვდიოდი, გუნდის წევრები გავიცანი და მივხვდი, რომ ყველაზე იმაზე უკეთ იყო, ვიდრე წარმომედგინა. უზბეკეთი უკეთესად გავიცანი და მივხვდი, რომ აქ ბევრი საინტერესო რამ ხდება. დაახლოებით ნახევარ წელიწადში, თიბისის შემოთავაზებას დავთანხმდი და მუშაობა დავიწყე. გამოდის, რომ დაახლოებით ერთი წელია, რაც უზბეკეთში, თიბისისთან ვმუშაობ და ყველაფერმა, რაც აქ ხდება, ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა”, - განაცხადა ოლივერ ჰიუზმა Weekly-სთან.