სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდის Nike-ის გენერალური დირექტორის მარკ პარკერის თქმით, პროდუქციაზე ფასები 2019 წელს გაცილებით „დემოკრატიული“ გახდება, ვიდრე ეს აქამდე იყო.
ინფორმაციას Hypebae-ი ავრცელებს.
პარკერის თქმით, აქტიური ინტერნეტ-მარკეტინგის მეშვეობით, 2018 წლის მეორე კვარტალში კომპანიის მოგებამ 10%-ით გადააჭარბა მოსალოდნელ მაჩვენებელს, ეს კი საშუალებას აძლევს ბრენდს, რომ პროდუქცია გააიაფოს.
“ბრენდი Nike წელს ფოკუსირებული იქნება პოპულარული და ძვირადღირებული ბოტასების შედარებით იაფიანი ვერსიის შექმნაზე და პარალელურად, უნდა აწარმოოს ახალი მოდელები, რომლებიც დაბალ ფასად იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ხარისხი და სტილი Nike-ში შენარჩუნდება“, - აღნიშნა მარკ პარკერმა.
გარდა ამისა, ბრენდის გენერალური დირექტორის თქმით, წლევანდელ გეგმაშია ისეთი ბოტასების გამოშვებაც, რომლებზეც თასმები თავისით, ავტომატურად შეიკვრება. მათი სავარაუდო ღირებულება 350 დოლარია და ეს კომპანიისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტექნოლოგიურ მიღწევად იქნება აღიარებული.

























