ზუსტად 4 წლის წინ, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით 22 წლის ნიკოლოზ (ნიკო) კვარაცხელია მოკლეს – ქართველი ახალგაზრდა, რომელმაც 2019 წელს თანამოაზრეებთან ერთად ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სოციალური მედიის პლატფორმა Feedc შექმნა.
პლატფორმა, რომლის მთავარი იდეაც სოციალური ქსელების „უსამართლო მიდგომის“ შეცვლა იყო, ყველა მომხმარებელს თანაბარ შესაძლებლობას აძლევდა ინფორმაციის გავრცელებაში. Feedc-ის განვითარებას ნიკო კვარაცხელიამ ორი წელი მოანდომა. პირველი ვერსია მან საფრანგეთში, SKEMA-ს ბიზნეს-სკოლაში გამოცადა, სადაც თავად სწავლობდა.
2019 წლის 30 მარტს Feedc მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდა. მოგვიანებით ნიკომ დააფუძნა კომპანია და გუნდი შექმნა გიორგი კვარაცხელიასა და ალექსანდრე სიჭინავასთან ერთად.
ნიკოლოზ კვარაცხელია Forbes-ის 30 Under 30-ის გამარჯვებულიც იყო..
22 წლის ასაკში ნიკო კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს.
მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მოსამართლემ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. ნიკო კვარაცხელიას ოჯახი საქმის შეკვეთილი მკვლელობის მიმართულებით გამოძიებას ითხოვდა.
2025 წლის 18 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომიაძე საქმის გადაკვალიფიცირებას და პროკურორის, გია შაიშმელაშვილის ჩამოშორებას ითხოვდა.
როგორც ამის შესახებ თავად იზა ომაძე წერს, მიუხედავად საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებისა, რომ კვარაცხელიას მკვლელობას დამკვეთი ჰყავდა, მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებულები დამნაშავედ განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში ცნო.
იზა ომიაძე მიიჩნევს, რომ პროკურორმა განზრახ შეუცვალა საქმეს კვალიფიკაცია, რაშიც მან, სავარაუდოდ, ფულიც აიღო.




























