მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნიკოლი“: „უცხოელები აქტიურად ეძებენ სამსახურს, ახლო მომავალში მათი დასაქმება მოგვიწევს“

6344fb0a0abae
თათია ჩაფიჩაძე
11.10.22 10:47
1299
ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდი „ნიკოლის“ დამფუძნებელი ნიკა ნიკოლაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი კადრების დეფიციტის გამო, უახლოეს პერიოდში საწარმოში რუსეთის და რუსულენოვანი მოქალაქეების დასაქმება მოუწევთ.

როგორც ნიკოლაშვილმა BMG-თან საუბრისას განაცხადა, კომპანია იანვრიდან საწარმო გაზრდას და შესაბამისად, მუშახელის გაორმაგებას აპირებს. რაც შეეხება ფასებს, „ნიკოლის“ პროდუქცია 20-25%-ით გაძვირდა.

„ზოგიერთ შემთხვევაში ნედლეული 50%-ით გაძვირდა, თუმცა არ გვინდოდა გასაყიდ ფასებში ასეთი ხისტი ზრდა გვქონოდა, ამიტომ შიდა პოლიტიკა ისე დავალაგეთ, რომ 20-25%-მდე გავზარდეთ. თვითღირებულების ზრდის მიზეზი მუშახელის სიმცირეა, რომელიც საფეიქრო ინდუსტრიაში უმწვავეს პრობლემად რჩება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ გადამზადების ცენტრებთან, კოლეჯებთან და მუდმივად ვითხოვთ ახალ კადრებს, თუმცა მაინც რჩება ეს გამოწვევად.  ბოლო დროს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან მომართვიანობა შეინიშნება, ისინი სამსახურს აქტიურად ეძებენ. ჩვენ სავარაუდოდ ახლო მომავალში დავასაქმებთ მათ. ეს ეხება რუსეთის მოქალაქეებს და ზოგადად რუსულენოვან მოსახლეობას - როგორც რუსებს, ისე უკრაინელებს.

"ნიკოლის" დამფუძნებლის თქმით, ამ ეტაპზე თვიური წარმადობა 2 000 ერთეულია, რაც მოთხოვნას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. 

"საცალო მიმართულებაში ორმაგი რაოდენობა გვჭირდება. ჩვენ გვაქვს კორპორაციული დაკვეთებიც, რომელიც ასევე მზარდია. ახლო მომავალში გავზრდით საწარმოს და მუშახელს, წარმადობა მინიმუმ უნდა გავაორმაგოთ. ამ ეტაპზე დაახლოებით 35 ადამიანი მუშაობს, საწარმოს ზრდასთან ერთად რესურსიც 2-ჯერ მეტი დაგვჭირდება“, - განაცხადა ნიკოლაშვილმა.

მისივე თქმით, ახალ საწარმოში ოპერირებას ბრენდი იანვრიდან დაიწყებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები