2018 წელს ლუდის ბაზარმა 3%-იანი კლება განიცადა, - ამის შესახებ კომპანია ,,ნატახტრის” კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა გადაცემა ,,საქმიანი დილაში” განაცხადა.
მისი შეფასებით, კლების მიზეზი მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის შემცირება და ლარის გაუფასურებაა; გაყიდვებზე ასევე ნეგატიური გავლენა იქონია ცუდმა ამინდმა სეზონის განმავლობაში.
ხუნძაკიშვილის თქმით, შემცირება შეეხო, როგორც ადგილობრივი წარმოების ლუდის ბაზარს, ასევე - იმპორტსაც.
,,2019 წელს უფრო ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. მსოფლიოში ლუდის ინდუსტრიაში საინტერესო პროცესები მიმდინარეობს; ბაზარზე მსხვილი კომპანიების გაერთიანებების ეტაპია და ამას გავლენა აქვს ჩვენს ბაზარზეც. ეს პროცესები გვიბიძგებს გადავიდეთ უფრო პრემიალურ სეგმენტზე და აქცენტი არა წარმოების რაოდენობრივ მხარეზე, არამედ მის ღირებულებითი ნაწილის ზრდაზე გავაკეთოთ”, - აღნიშნა ხუნძაკიშვილმა. მისი შეფასებით, დაბეგვრის ახალ სისტემაზე გადასვლამ, როცა აქციზის გადასახადი ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით ანგარიშდება, ლუდის მოხმარების კულტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია და გაზარდა ე.წ. ,,ლაითი” ლუდის რეალიზაცია.
,,აქციზი 1 გრადუსი ალკოჰოლის შემცველობაზე 12 თეთრია, ჩვენი მოტივაციაა ნაკლები გადავიხადოთ, ამიტომ დაბალგრადუსიანი ლუდების წარმოება დავიწყეთ, რაც მოსახლეობამ და მყიდველმა ძალიან კარგად მიიღო, შესაბამისად, ე.წ. ,,ლაითი” ლუდების ბაზარი 20%-მდე ავიდა, მაშინ როცა ის 5%-ს არ აჭარბებდა”, - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.
კომპანია ,,ნატახტრის” კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს მათი კომპანია, რამდენიმე სახეობის ახალ ლუდს გამოუშვებს ბაზარზე, რომლებიც ცნობილი ბრენდების ლიცენზირებული ფრანჩაიზი იქნება.