„ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ ეროვნულ ბანკს ბიზნესთან უფრო მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს,“ - ასე უპასუხა BM.GE-ის ლუდის კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და ამ პროცესში სებ-ის როლს.
როგორც ხუნძაკიშვილი განმარტავს, სწორი ინფორმაცია ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია სწორი ანალიზის.
მისივე განცხადებით, ყოველთვის იქნება უარყოფითი მოლოდინები თუ ბიზნესს პირობითად ლარის კურსზე ხარისხიანი ინფორმაცია არ ექნება.
ამასთან, ის მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ბაზარზე პანიკაა, ეროვნული ბანკის მხრიდან ინტერვენციები გამართლებული არ არის.
„წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც ეროვნული ბანკი თქვენ არ გეუბნებათ და შესაბამისად, ინფორმაციას, პლიუს ანალიზს არ გთავაზობთ, ისინი ამბობენ, რომ ამის კეთება ჩვენი მოვალეობა არ არის. მე როდესაც ამ ყველაფერს შორიდან ვუყურებ და ინფორმაცია არ მაქვს, უკვე სპეკულაციისკენ გადავდივარ. სწორი ინფორმაციაა ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი სწორი ანალიზისთვის. მე ეროვნული ბანკისგან არაშაბლონური განცხადებები და ის ინფორმაცია მჭირდება, რომლის საშუალებითაც გადაწყვეტილებას მივიღებ და შესაბამისად, პანიკას არ ავყვები.
კომუნიკაციის საშუალებით აჟიოტაჟის ეს ტალღა ყოველთვის ჩაცხრება; როდესაც აჟიოტაჟის ტალღა ჩამცხრალია ინტერვენციები მაშინ არის გამართლებული, ხოლო როცა აჟიოტაჟის პიკი გვაქვს, ინტერვენცია სიტუაციას უფრო გაართულებს. მოკლედ, პირველი არის კომუნიკაცია და არა შეხვედრა შეხვედრისთვის, არამედ ხარისხიანი და ინტერაქტიული კომუნიკაცია, რაც სწორი ანალიზის საშუალებას იწვევს ბიზნესში. მე დავუწუნებდი ეროვნულ ბანკს კომუნიკაციას, შეხვედრის რაოდენობას არ ვგულისხმობ, აქ ვგულისხმობ ხარისხს", - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.

























