„გადაწყვეტილებების მიუღებლობის პრობლემა ჩვეულებრივი ამბავია, მსგავსი პრობლემა ყველას უდგას და ამას ბევრი ფაქტორი აქვს, მათ შორის არის ბიუროკრატია და მოლოდინები“, - ამის შესახებ bm.ge-ის ლუდის კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა საქართველოში ავსტრიის ელჩის არად ბენკოს შეფასებისას კომენტირებისას განუცხადა.
კერძოდ, ელჩის თქმით, ავსტრიის მაგალითზე საუბრისას მათ მუდმივად უწევთ საქართველოში გადაწყვეტილების მიუღებლობის პრობლემასთან შეჭიდება; ამის შესახებ ავსტრიის ელჩმა იმ ფაქტორებზე საუბრისას აღნიშნა, რაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის, თუმცა გუშინ, 3 ივნისს ელჩმა ავსტრიის საელჩოს ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც დიპლომატი აღნიშნავს, რომ “პოლიტიკური გარემოს ახსნისას იყო გამოყენებული ცალკეული მოსაზრებები, რომლებიც შეიძლება არასწორად იქნას ინტერპრეტირებული.
ავსტრიელი დიპლომატი ირწმუნება, რომ ცალკეული განცხადებები კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, ამიტომ BMG გეგმავს, უახლოეს მომავალში, ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნოს;
თუმცა იქამდე, bm.ge-მ გადაწყვიტა, ქართველი ბიზნესმენებისთვისაც ეკითხა, პრაქტიკაში რამდენად აწყდებიან გადაწყვეტილების მიუღებლობის პრობლემას, რომელიც ხშირად ბიუროკრატებთან ურთიერთობასაც უკავშირდება.
ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი მიიჩნევს, რომ ლუდის ინდუსტრიას ბიუროკრატიული პროცესები პრობლემას არ უქმნის;
„მე შეხება მაქვს ფინანსთა სამინისტროსთან, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ნაკლებად - ეკონომიკის სამინისტროსთან. სასმელების ინდუსტრიაში ასეთი პრობლემა არ გვაქვს, რადგან ჩვენს ინდუსტრიაში გარკვეული საკითხები აბსოლუტურად კარგად არის სტრუქტურირებული და შესაბამისად, სისტემისთვის დროულად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ჩემთვის ყველა გადაწყევტილება დაგვიანებულია, მე ყველა გადაწყვეტილება მინდა დღესვე, მაგრამ ვიცი, რომ ამას პროცესი სჭირდება. არსებობს მოლოდინები, ვინ როგორ და დროის რა ჩარჩოში ელოდება პრობლემის მოგვარებას და არის კიდევ სხვა ფაქტორები, რომელიც ჩემთვის ცნობილი არ არის“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

























