კომპანია „ნილის“ დირექტორი კახა გიორგაძე აცხადებს, რომ თბილისის მერიისგან ხელშეკრულების შეწყვეტას მისი კომპანია არ იმსახურებდა.
ამის შესახებ გიორგაძემ IPN-ს განუცხადა.
გიორგაძემ დეტალების განმარტებისგან, თუ რატომ მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა, თავი შეიკავა.
„ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ მე და ჩემი კომპანია, ამას არ ვიმსახურებდით. სხვა რამის კომენტირება არ შემიძლია, უკომენტაროდ დავტოვოთ“, - განაცხადა გიორგაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტით მომმარაგებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, კომპანია ბაღებს უხარისხო საკვებს და დაგვიანებით აწვდიდა.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში შიდა ნაშთების გამოყენებით და სააგენტოს ძალისხმევით, ბაღები ხარისხიანი საკვებით მარაგდებოდა. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ კომპანია „ნილს“ მივეცით გაფრთხილება, თუმცა უნდა ითქვას, რომ დღეს ისევ ანალოგიური მდგომარეობაა, კვლავ დაგვიანებით ხდება ბაღებში საკვების შეტანა და ხარვეზები გვაქვს.
პარასკევს ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ამგვარ რეჟიმში ვერ გავაგრძელებდით მუშაობას. შესაბამისად, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანია „ნილს“ ხელშეკრულება შეუწყდეს. ამისთვის ყველანაირი კონტრაქტუალური საფუძველი გვაქვს. უახლოესი რამდენიმე დღის და შესაძლებელია, კვირის განმავლობაში, შესყიდვებს საჯარო ბაგა-ბაღები ავტონომიურად განახორციელებენ. საკვები პროდუქტების მიწოდებისა და ხარისხის მხრივ, ამ პერიოდში, არანაირი შეფერხება არ იქნება, ხოლო შემდგომში კომპანიის ჩანაცვლება მოხდება. საუბარია, დარჩენილ ორ თვეზე, სანამ საზაფხულო არდადეგები გამოცხადდება. შესაბამისად, ამ პერიოდში სხვა კომპანიით ჩანაცვლება მოხდება და უკვე მომავალი წლისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდება“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

























