მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნინა ნიღაბი" - "სპარკის" კიდევ ერთი ბიზნეს პროექტი

5cff92e888fd2
სალომე ჭიპაშვილი
11.06.19 15:37
2757
2020 წლიდან "სპარკის" დახმარებით შესაძლოა, ქართულ ბაზარზე ქართული თიხისგან დამზადებული სახის გამწმენდი ნიღბები გამოჩნდეს.

„ნინა ნიღაბი“ - ასე ერქმევა პირველი ქართული წარმოების ერთჯერად ნიღბებს, რომლებიც ქართული თიხისგან დამზადდება.

„თიხა მხოლოდ საქართველოში მოიპოვება, რომელიც გამოირჩევა უნიკალური თვისებებით და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტების მიერ საუკეთესო კოსმეტიკურ მასალად არის აღიარებული. თიხა არაჩვეულებრივია სახის კანისთვის, ასწორებს ნაოჭებს, ებრძვის აკნეს, შეიძლება ითქვას, რომ „ნინა ნიღაბი“ ბევრ პლასტიკურ ოპერაციას ჩაანაცვლებს“, - აღნიშნავს bm.ge-ისთან საუბარში „ნინა ნიღაბის“ დამფუძნებელი ნინო ურუშაძე.

მისი თქმით, პატენტი აღნიშნულ პროდუქტზე უკვე ცხრა წელია აქვს, თუმცა იდეის განხორციელება რიგი ფაქტორების გამო ვერ შეძლო.

ამბობს, რომ იდეის ბიზნეს გეგმად ქცევაში ბიზნესაქსელერატორის პროექტი „სპარკი“ დაეხმარა.

„ბიზნესაქსელერატორ „სპარკის“ პროექტის შესახებ ტელევიზიიდან შევიტყვე და იმ დღესვე დავწერე განცხადება. შემდეგ თავად დამიკავშირდნენ და „სპარკის“ პროფესიონალ გუნდთან შეხვედრაც ჩაინიშნა. ყველაფერში დამეხმარნენ, პროექტის სახე მისცეს, შედეგად, ჩემი იდეა იმ ხუთ სიცოცხლისუნარიან იდეებს შორის მოხვდა, რომელსაც BDO ბიზნეს აქსელერატორ „სპარკის“ პროექტის ფარგლებში, ყოველთვიურად ბიზნეს გეგმად აქცევს. რა თქმა უნდა, სრულიად უფასოდ, სხვა შემთხვევაში ასეთი დონის ბიზნეს გეგმის დაწერა 30 ათას ლარამდე ჯდება; ეს დამწყები ბიზნესმენისთვის ძალიან დიდი ხელშეწყობაა. ამჟამად ინვესტორებისა და პოტენციური დამფინანსებლების მოძიების პროცესში ვარ, რაშიც „სპარკის“ გამოცდილი გუნდი აქტიურადაა ჩართული“, - აღნიშნავს ნინო ურუშაძე.

თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“ 2019 წლის 30 იანვარს გაიხსნა და ამ დროისთვის ბიზნეს იდეის ან მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე 400-მდე პირს აერთიანებს. პროექტის მიზანია, უფასო საერთო სამუშაო სივრცის უზრუნველყოფა, ექსპერტ-მენტორების დახმარებით დასაქმების ხელშეწყობა, ტრეინინგები, დამწყები ბიზნესისთვის შესაძლებლობების ზრდა და ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები