„ორბისთვის“ ბახმაროში მიწის გადაცემით მოგებული სახელმწიფო დარჩა“, - ასე აფასებს ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი მთავრობის მიერ „ორბი ჯგუფისთვის“ ბახმაროში 43,269 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემას.
მისი თქმით, ამ ფორმით უფრო მოგებული დარჩა სახელმწიფო, ვიდრე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში იქნებოდა.
„ვერცერთი ეკონომიკაში და ბიზნესში გარკვეილი ადამიანი ვერ დაინახავს ხარვეზს იმ ინვესტიციაში, რომელსაც კომპანია „ორბი“ ახორციელებს. მე დეტალურად გავეცანი მათ წინადადებებს. 5 წლის მანძილზე 50 მილიონი ლარის ინვესტიცია კურორტში, რომელიც მხოლოდ ერთი სეზონი ფუნქციონირებს და მიუხედავად იმისა, რომ გენგეგმით გათვალისწინებულია და ჩვენი სტრატეგიული პოლიტიკითაც, რომ ორსეზონიან კურორტად იქცეს, ალბათ გარკვეული პერიოდი იქნება საჭირო, რომ ბახმარო ორსეზონიან კურორტად გადავაქციოთ. ამასთან, იქ დღეს არსებული მიწის გაყიდვის ფასების გაანალიზებით გადაცემული ფართის და ინვესტიციის ოდენობა საკმაოდ მიმზიდველია ჩვენი გადმოსახედიდან და პირიქით, მოხარულები ვართ, რომ ასეთი ინვესტორი დაინტერესდა.
რაც შეეხება კურორტის განვითარების გეგმას და იქ დაგეგმილ სამუშაოებს, მე პირადად მქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან და მის დამფუძნებლებთან და გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც ზღუდავს გარკვეული კოეფიციენტის ზემოთ იქ მშენებლობას, თავად კომპანიის დამფუძნებლების დაპირებაცაა და მათ ინტერესშიც ზის, რომ ბახმაროს ლანდშაფტი არ იყოს დამახინჯებული და ეფექტურად ჩაჯდნენ ამ მოცემულობაში, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, ამ ინვესტიციით ჩვენ მივიღებთ, ბახმაროს ტურისტული პოტენციალის საუკეთესოდ განვითარების შესაძლებლობას“, - აცხადებს წილოსანი.
მისი თქმით, „ორბი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ბახმაროში ინვესტირებით დაინტერესდა.
წილოსანის ინფორმაციით, არსებობს შედარებით "წვრილი კომპანიები", რომლებიც ამ ეტაპზე სამთავრობო უწყებებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
„მე ვიცი ორი შედარებით წვრილი ინვესტორი, რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც სააგენტოსთან - „აწარმოე საქართველოში“, ისე გარკვეულწილად ქონების მართვის სააგენტოსთან.
მეც მზად ვარ, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს დავუდგები გვერდით. ეს არის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიცია, თუმცა არ არის ერთადერთი და ძალიან მალე ჩვენ გვეყოლება იქ სხვა ინვესტორები. მოლაპარაკებებში უშუალოდ არ ვარ ჩართული, თუმცა მაქვს გაცხადებული მათ მიმართ, რომ თუ სადმე ბიუროკრატიულ შეფერხებას წააწყდებიან, ვინაიდან ჩვენს ინტერესში შედის ბახმაროს განვითარება, მაქსიმალურად ჩავერთვები ამ პროცესში“, - აცხადებს წილოსანი.
კითხვაზე, რატომ მოხდა „ორბი ჯგუფისთვის“ მიწის ნაკვეთის 1 ლარად გადაცემა და არა აუქციონის გზით ქონების პრივატიზება, წილოსანი ასე პასუხობს:
„1 ლარად გადაცემა არის მიღებული პრაქტიკა, რაც ძალიან ბევრ სხვა შემთხვევაში იყო გამოყენებული და აქ რამე უპრეცედენტო არაფერი არ მომხდარა. ამის გარდა. მე რომ უხეშად ფინანსური მოდელი გავთვალე, პირიქით სახელმწიფო და ჩვენი მხარე არის მოგებულ მდგომარეობაში, რადგან აღნიშნული ფართობი, რომელიც ამ შეთანხმებით გადაეცა „ორბი ჯგუფს“, ყველაზე მაქსიმალური ღირებულებითაც რომ გაყიდულიყო, გაყიდვის შემთხვევაში არანაირი ვალდებულება არ ექნებოდა ინვესტორს, რა თანხის ინვესტიციას ჩადებდა, რა ტიპის განვითარებას გააკეთებდნენ ამ ტერიოტირაზე, ეს უკვე აღარ იქნებოდა ვალდებულების ნაწილი. მე ვთვლი, რომ ეს შეთანხმება არის საკმაოდ ეფექტური. იმ შემთხვევაში, თუ ნასყიდობა იქნებოდა ნაკლები ვალდბულების აღება მოუწევდა შემსყიდველ ორგანიზაციას“, - განმარტავს წილოსანი.
„ორბისთვის“ მიწის გადაცემის შესახებ განკარგულებაში, რომელსაც მამუკა ბახტაძე აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის განმავლობაში აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი არ უნდა აშენდეს.
რა მოხდება 10 წლის შემდეგ და რამდენად მოსალოდნელია ბახმაროში მრავალსართულიანი ნაგებობები ვიხილოთ, წილოსანი პასუხობს, რომ არსებობს კურორტის განვითარების გენერალური გეგმა, რომლის ფარგლებში მოექცევა ყველა ის ინფრასტრუქტურა, რასაც ინვესტორი კურორტზე განავითარებს.
„ჩვენს ინტერესშია, რომ ბახმაროს ლანდშაფტი და ბუნებრიობა იყოს შენარჩუნებული. ამიტომ გარდა იმისა, რომ არსებობს გენგეგმა, ამის ფარგლებში ჩაჯდება ყველა ის წამოწყებული პროექტი, როგორც ადგილობრივი საკრებულო, ისე ეკონომიკის სამინისტრო იქნება მაქსიმალურად ჩაკეტილი და დაცული იმისთვის, რომ ბახმაროში არ მოხდეს მახინჯი მშენებლობების განვითარება და ურბანული კატასტროფა“, -განაცხადა bm.ge-ისთან საუბარში ნინო წილოსანმა.

























