მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო წილოსანის ინიციატივით სიღნაღში სოფლის მეურნეობის მიმართულების საწარმოები დაათვალიერეს

606cae46dacfb
BM.GE
06.04.21 22:53
681
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და საქართველოში ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი მაიკე ვან კოლდამი დღეს კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის რამდენიმე საწარმოში სტუმრობდნენ.

ერთ-ერთი პირველი საწარმო, რომელიც მათ დაათვალიერეს, არის თანამედროვე სტანდარტების მესაქონლეობის ფერმა - „თეთრი ფერმა“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში. აღსანიშნავია, რომ ფერმა ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, ნიდერლანდურ-ქართული ინვესტიციით შექმნილი კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად პირველი კატეგორიის 10 ტონა ნედლ რძეს აწარმოებს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

კომიტეტების თავმჯდომარეები და ნიდერლანდების ელჩი სხვა საწარმოებსაც ესტუმრნენ ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტში. მათ შორის, იყვნენ ღვინისა და ყველის საწარმოში - შპს „ბუტრანა“, რომელიც ახალგაზრდა ნოვატორმა ბიზნესმენმა ჯემალ ხატიაშვილმა როგორც ბრენდი 2016 წელს დააარსა და რომელიც მომხმარებელს ღვინოს და პიკანტურ ყველს სთავაზობს. ჯემალ ხატიაშვილი საქართველოში პირველი ადამიანია, რომელმაც პიკანტური ყველის წარმოება რეალურ ბიზნესად აქცია. ახალგაზრდა ბიზნესმენი ჯერ კიდევ 14 წლის იყო, პირველად ღვინო რომ დაწურა, 17 წლისამ კი 3 წლიანი დაძველების ღვინო ახლობლებისთვის სამახსოვრო ეტიკეტებით ჩამოასხა და საკუთარი კომპანიის შექმნაც მაშინ გადაწყვიტა.

მხარეებმა ქალაქ წნორში კომბინირებული საკვების საწარმო „ტაოფუდი“ მოინახულეს, რომელიც სახელმწიფო პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციარმა მანანა მეტრეველმა ააშენა. საწარმოში თვეში 80-მდე ტონა კომბინირებული საკვების წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ბრენდის „ტაოფუდი“ სახელით ხდება. საწარმოში, ჯამში, 900,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტი 600,000 ლარია, 300,000 ლარი კი ბენეფიციარის ინვესტიციაა.

დღესვე სოფელ ტიბაანში ეწვივნენ მეცხოველეობის სანაშენე ცენტრს - „კავკასიის გენეტიკა“. იგი ქვეყნაში უმთავრესი მიმწოდებელია მეცხოველეობის სფეროში ფერმის აღჭურვილობის, რძის და ხორცის გადამუშავებისთვის საწარმოო ხაზების, სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით. „კავკასიის გენეტიკა“ იყენებს მსოფლიოში არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და მეცხოველეობის სექტორის საუკეთესო გამოცდილებას.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პერიოდულად, სხვადასხვა რეგიონში, ადგილზე გაეცნობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ ინოვაციურ პროექტებსა და საწარმოებს, მათ საჭიროებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები