მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნინო ზამბახიძე: ფერმერთა სათათბიროს პირველი სხდომა ივლისში გაიმართება

59369e2386484
BM.GE
06.06.17 16:17
1683
ინტერვიუ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძესთან

- რა ძირითადი პრობლემები გამოიკვეთა რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჩატარებული შეხვედრებისას?

- ძირითადი პრობლემები, რომელიც ფერმერებს აწუხებთ არის აგრო დაზღვევის საკითხები, ფინანსური ხელმისაწვდომობა და პროდუქციის გასაღების ბაზარი. სამწუხაროდ, არსებული სადაზღვევო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ფერმერების მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას, ვინაიდან არ ხდება რისკების მნიშვნელოვანწილად დაზღვევა. მაგ: სულ რამდენიმე კვირის წინ ჩვენი ფერმერი მინდია ქავთარაძე, რომელიც თაფლს აწარმოებს, დატბორვის გამო საკმაოდ ცუდ პირობებში აღმოჩნდა. თუმცა ამ ამბავმა ერთი პოზიტიური შედეგი მოიტანა. დავიწყეთ აქტიური მოლაპარაკებები სადაზღვევო ბაზარზე ახლახანს შემოსულ მძლავრ, საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “Global benefits Georgia”-სთან, რომელმაც გამოთქვა მზაობა დანერგოს აგრო დაზღვევის ახალი, ფერმერებზე მორგებული პაკეტი.
რაც შეეხება ფინანსურ ხელმისაწვდომობას, ჩვენ ფერმერებს მუდმივად ვეხმარებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით, რათა მათ ჰქონდეთ უახლესი ინფორმაცია დონორებისა თუ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროექტების შესახებ ვეხმარებით პროცედურებში გარკვევაში, ჩვენი ცხელი ხაზის მეშვეობით ვცდილობთ კონსულტაცია გავუწიოთ მათ და დავაკავშიროთ საჭირო ადამიანებსა და პარტნიორებს, თუმცა რჩება რიგი საკითხები რომელსაც კომპექსური დამუშავება სჭირდება და სწორედ ასეთი საკითხებზე მუშაობა იქნება მომავალი ფერმერთა სათათბიროს პრიორიტეტი. რაც შეეხება გასაღების ბაზარს, ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივ ფერმერებს მათ მიერ წარმოებული პროდუქტის რეალიზაციაში. ეს კომპანია აქტიურად თანამშრომლობს “Adjara Hospitality Group”-თან, რომელიც სამომავლოდ სტაბილურად შეისყიდის ადგილობრივი წარმოების პროდუქციას, რაც ერთის მხრივ სასტუმროების ქსელებს აძლევს საშუალებას, შეიძინონ ნატურალური პროდუქტები, მეორეს მხრივ კი ფერმერებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემას უხსნის.

- შეხვედრებისას საუბარი იყო ფერმერთა სათათბიროზე. რა ეტაპზეა მისი შექმნის პროცესი?

- როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ფერმერთა სათათბიროს შექმნის ძირითად მიზანს წარმოადგენს ფერმერთა ინტერსების უკეთ დაცვა და მათი საკანონმდებლო პროცესებში ჩართულობის გაზრდა. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საბჭომ ჯერ კიდევ 2016 წლის 1 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოაყალიბოს ფერმერთა სათათბირო ორგანო, რომელიც გახდება ანგარიშგასაწევი ძალა მთავრობის მიერ ინიცირებული ისეთი კანონპროექტების შემუშავების პროცესში, რომელიც უშუალოდ ეხება ფერმერთა საქმიანობას, მათი, როგორც მცირე მეწარმის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და განვითარების ხელშეწყობას. პირველი მსხვილმასშტაბიანი შეხვედრა გაიმართა სწორედ დეკემბერში, რომელსაც ესწრებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრი, დონორები და ფერმერები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, ჩაერთონ სათათბიროს მუშაობის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა სათათბიროს მუშაობის პროცესთან და საქმიანობის პრიორიტეტებთან დაკავშირებით, ვთვლით რომ ძალიან მნიშვნელოვანია თავად ფერმერების ხედვის გაზიარება ამ საკითხებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, უშუალოდ ფერმერებისგან მოგვესმინა თუ როგორ ხედავენ ამ პროცესს, როგორია მათი მოლოდინები და საჭიროებები. უკვე დავიწყეთ დელეგატთა შერჩევის პროცესი, რის შემდეგაც უკვე აქტიურად შევუდგებით სათათბიროს ფორმირებას.

- რამდენი ადამიანისგან იქნება შემდგარი სათათბირო?

- ევროპის სოფლის მეურნეობის ასოციაციების და კოოპერატივების გაერთიანება Copa-Cogeca-ს კონსულტანტის პროდრომოს კალაიტზისის რეკომენდაციების საფუძველზე, ასოციაციის საბჭომ გადაწყვიტა, რომ სათათბიროს შემადგენლობაში უნდა შევიდეს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

თოთოეული მუნიციპალიტეტი წარმოდგენილი იქნება ორი წევრით, რომელთაგანაც ერთს დაასახელებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საბჭო, მეორეს კი - თავად საბჭოს მიერ არჩეული წევრი. შესაბამისად, სათათბირო იქნება 120 ფერმერისგან დაკომპლექტებული ორგანო.

გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვის მიზნით, საბჭოს მიერ სათათბიროს წევრობაზე არჩეულმა პირმა უნდა დაასახელოს საწინააღმდეგო სქესის მეორე წევრი.

- როგორი იქნება დელეგატთა შერჩევის წესი და პროცედურები?

სათათბიროს შემადგენლობაში შევლენ მოტივირებული, ენერგიული ფერმერები, რომლებიც აწარმოებენ პროდუქტს და არიან დაინტერესებულნი სექტორის განვითარებით. ისინი არ უნდა იყვნენ არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და უნდა იყვნენ აქტიურად ჩართულნი პროცესებში.

რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ ვინ შევა სათათბიროს შემადგენლობაში, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ფერმერთა ასოციაციის საბჭო. სათათბიროში წევრები იხელმძღვანელებენ როტაციის პრინციპით და შეიცვლებიან ორ წელიწადში ერთხელ. დარგობრივი კომიტეტების სხდომები გაიმართება გარკვეული პერიოდულობით, რაც შეეხება დიდ შეკრებებს, შესაძლებებლია გაიმართოს წელიწადში ორჯერ ან საჭიროების შემთხვევაში უფრო მეტჯერაც.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ სათათბიროს პირველი სხდომის გამართვა დაგეგმილია ივლისში. სათათბიროს ორგანოს ფორმირება კი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები