საოჯახო ბიზნესის „ნინოს ჩირი“ დამფუძნებელმა, ნინო ქავთარაძემ, BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანია ყველის მწარმოებელი ქარხნის აშენებას გეგმავს, რომელიც სოფელ ჯვარში, მათსავე საკუთრებაში არსებულ მიწაზე აშენდება. როგორც ქავთარაძე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩირის წარმოების პროცესი არ შეწყვეტილა, მას აქვს მნიშვნელოვანი გეგმები ახალი მიმართულების გააქტიურების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ ბრენდი გასულ წელს შვედეთისა და ევროკავშირის დონორობით განხორციელებულ პროგრამაში "ფერმერთა სკოლა" იღებდა მონაწილეობას, რომელიც ყველის ევროპული სტანდარტით დამზადებას, ამასთან თხილის კარაქის წარმოებასა და მწარე წიწაკის ჯემის დამზადების შესწავლას უზრუნველყოფდა. რის შედეგადაც ბენეფიციარებს შესაბამისი დანადგარები და პარაზიტების პრეპარატები გადაეცათ.
„ვაწარმოებ 70-ზე მეტი სახეობის ჩირს, ტყლაპებს, ნიგვზიან რულეტებს, შოკოლადიან ჩირებს, ჩურჩხელებს და მეგრულ ჯანჯუხებს. პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად გამოფენებზე და ონლაინ გაყიდვების საშუალებით ხდება, ხოლო მომხმარებლები მთლიანად ადგილობრივები არიან. ამჟამად საწარმოში მხოლოდ ოჯახის წევრები ვმუშაობთ, თუმცა ყველის საწარმოს აშენებას ვგეგმავთ და შესაბამისად, საწყის ეტაპზე 2 კადრის დამატება გვაქვს დაგეგმილი.
საძირკველი უკვე ჩასხმული გვაქვს და კიდევ 15,000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას ვაპირებთ, რომ შენობა ავაშენოთ. ყველა საჭირო დანადგარი უკვე მაქვს, ახლა შენობა მჭირდება, სადაც ამ დანადგარებს განვათავსებ და საწარმოს ავაშენებ,“ - ამბობს ნინო ქავთარაძე.
ბიზნესმენის განცხადებით, საწარმოს აშენების საჭიროება გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ამას გარდა, ყველის წარმოებისთვის HACCP-ის სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელია, იმისათვის, რომ პროდუქციის აქტიური რეალიზაცია შეძლონ.
მისივე ცნობით, მის ყველა პროდუქტზე მოთხოვნა ძალიან მაღალია და წინასწარი ჯავშნებიც აქვს. თუმცა, მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, გაყიდვების დაახლოებით 20%-ით შემცირება შეიმჩნევა.
ინფორმაციისთვის, ბრენდი სამეგრელოში, სოფელ ჯვარში 2019 წლიდან ოპერირებს და წლის განმავლობაში დაახლოებით 2 ტონა პროდუქციას აწარმოებს, რომელიც სრულად საქართველოში რეალიზდება.