მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნინოშვილზე საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება“ - რა ვალდებულება აქვს "სითი ლოფტს"?

602396709c6a6
ინგა მურუსიძე
10.02.21 12:51
1531
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტებები გააკეთა ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილისა და კონსტიტუციის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც წინა წლის ბოლოს ბიზნესმენ თემურ უგულავას კომპანია შპს "სითი ლოფტს“ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა. როგორც 2020 წელს „ნეტაგზეთის“ მიერ მომზადებული მასალიდან ირკვევა, მაშინ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, რომ მართალია, ტერიტორია „სითი ლოფტს“ სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად) გადაეცა, მაგრამ მან 20 მლნ ლარის ღირებულების ვალდებულებითაც დაიტვირთა თავი. კერძოდ, ინვესტორმა ვალდებულება აიღო, ერთი მხრივ, კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების – 18,700,000 ლარის ოდენობით თანხის გადახდაზე (მერიის პროგრამა), ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა განსახლებისთვის მერიის ანგარიშზე 1,300,000 ლარის გადარიცხვაზე.

საქმე იმაშია, რომ როგორც კახა კალაძე აცხდებს, „ნინოშვილის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი კომპანია „ცენტრ პოინტს“ ეკუთვნოდა, რომელსაც ოდესღაც, პირდაპირი წესით, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, ეს ქონება ერთ ლარად გადაეცა, იმისთვის, რომ საცხოვრებელი კორპუსები აეშენებინათ”.

როგორც მოგეხსენებათ, „ცენტრ პოინტი“ არის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია, რომელსაც ყველაზე მეტი დაზარალებული ჰყავს. საუბარია 6 000-ზე მეტ ოჯახზე, რაც სერიოზული პრობლემაა. ეს ადამიანები წლების განმავლობაში, თავიანთ საცხოვრებელ სახლებს ელოდებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პრივატიზაცია მიწის ნაკვეთის რეკრეაციული სტატუსით განხორციელებულიყო.

„კონკრეტული მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტს კომპანიისგან საკუთრებაში გადაეცა, რათა „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, მისი პრივატიზაცია მომხდარიყო. თბილისის მერიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პრივატიზაცია განხორციელებულიყო მიწის ნაკვეთის რეკრეაციული სტატუსით, რაც სამშენებლო სამუშაოებს გამორიცხავს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ტერიტორიაზე არანაირი საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება. მიწის ნაკვეთს აქვს რეკრეაციული ზონის სტატუსი და მისი განვითარება ამავე სტატუსის ფარგლებში მოხდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა, თუმცა რეკრეაციული პროექტის დეტალებზე არ უსაუბრია. 

კახა კალაძის თქმითვე, პრივატიზაცია „სითი ლოფტზე“ განხორციელდა, რომელიც „აჭარა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიაა. <ცნობისთვის: შპს „სითი ლოფტის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე ბიზნესმენი თემურ უგულავაა>.

„გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ქონების პრივატიზაცია ერთ ლარად მოხდა. პრივატიზაციის პირობა „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, 18 მილიონ 400 ათასი ლარის დაფინანსების განხორციელებაა. როგორც იცით, თბილისის მერიას დაწყებული აქვს კომპანიის მიერ დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ბინებით ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობაში ცხოვრობენ, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერიამ მათ ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა.

„ამ პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტი თავის თავზე იღებს. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დევნილის სტატუსის მქონეს წარმოადგენს, რომლის წინაშე სახელმწიფომ ვალდებულება შეასრულა და საცხოვრებელი ფართები გადასცა, თუმცა ჩვენ მათთან კომუნიკაცია გვქონდა და ქირით უზრუნველყოფას მოვახდენთ. ღია ცის ქვეშ არავის დაგვტოვებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ის სპორტსმენები კი, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში ვარჯიშობდნენ, ვარჯიშის გაგრძელებას ნორმალურ პირობებში შეძლებენ, რადგან მუნიციპალიტეტი მათაც დაეხმარება.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ორი რამ: პირველი - მიწის ნაკვეთის პრივატიზება მოხდა რეკრეაციული სტატუსით და მასზე მშენებლობა არ განხორციელდება. მეორე - საპრივატიზაციო პირობაა „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების დასაკმაყოფილებლად დაფინანსების - 18 მლნ 400 ათასი ლარის გამოყოფა შემძენის მიერ. ასეთია პირობები და არა ისე, როგორც ზოგიერთი მედიასაშუალება, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით აშუქებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები