იაპონური საავტომობილო გიგანტების, Nissan-ის და Honda-ს გარიგება, რომელიც კომპანიების შერწყმა-გაერთიანებას მოიცავდა, შესაძლოა, ჩაიშალოს.
Reuters-ის ინფორმაციით, გარიგების ჩაშლის მიზეზი Honda-ს მენეჯმენტის დამოკიდებულებაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა Nissan-ს შვილობილ კომპანიად მოიხსენიებს, რაც Nissan-ის მენეჯმენტისათვის მიუღებელია.
გარდა ამის, Bloomberg-ის ცნობით, გარკვეულ საკითხებზე კომპანიები პრინციპულად ვერ თანხმდებიან, რაც მოლაპარაკების გაგრძელებას შეუძლებელს ხდის.
თუკი ზემოხსენებული ინფორმაცია დადასტურდება და გარიგება ჩაიშლება, მაშინ Nissan-ი უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდება, რადგან ის ისედაც ფინანსური კოლაფსის ზღვარზეა. როგორც Financial Times-ის ანგარიშიდან ირკვევა, თუკი არსებული ვითარება არ შეიცვალა და კომპანიის რესტრუქტურიზაციის სტრატეგია ვერ გაამართლებს, მაშინ დაახლოებით 1 წელიწადში Nissan-ს გაკოტრების გამოცხადება და წარმოების შეჩერება მოუწევს.
90-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდის კოლაფსის ზღვარზე აღმოჩენა ჩინეთის, ამერიკისა და ევროპის ბაზარზე გაყიდვების დრამატულ შემცირებას უკავშირდება, რასაც, თავის მხრივ, ჩინური, ამერიკული, იაპონური და კორეული ავტომწარმოებლებისგან მომავალი ზეწოლა განაპირობებს. მოგეხსენებათ, Nissan-ის გაყიდვების უდიდესი ნაწილი ბიუჯეტურ ავტომობილებზე მოდის, ამ მიმართულებით კი კონკურენტების რაოდენობა თითქმის ყოველდღიურად იზრდება, რაც Nissan-ის ბაზრის წილს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, Nissan-მა რესტრუქტურიზაციის სტრატეგია წარმოადგინა, რომელიც სამუშაო ძალის 9,000 თანამშრომლით შემცირებას, ხარჯების ოპტიმიზაციას, გლობალური წარმოების 20%-ით შემცირებას და ეფექტიანობის გაზრდას მოიაზრებს. გარდა ამისა, კომპანიის გენერალური დირექტორი საკუთარ ანაზღაურებას 50%-ით ამცირებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კომპანია ნამდვილად რთულ ვითარებაშია.
Nissan-ის დაღმასვლა ფრანგულ Renault-თან პარტნიორობის გაუქმებით დაიწყო, რომელსაც შემდეგ ჩინური ავტომწარმოებლებისგან „ფასების ომის“ დაწყება და ელექტრიფიკაციის ტენდენცია მოჰყვა, რომელსაც იაპონურმა ბრენდმა ფეხი სათანადოდ ვერ აუბა.
ამჟამად Nissan-ის გადარჩენის საკითხი პირდაპირაა დამოკიდებული ზემოხსენებული რესტრუქტურიზაციის სტრატეგიის ეფექტიანობაზე და Honda-სთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაზე. თუკი გარიგება ჩაიშლება, მაშინ Nissan-ის გადარჩენა სხვა კომპანიას და მის ინვესტორებს მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია გაკოტრდება.




























