იაპონური ავტომწარმოებელი კომპანიის, Nissan-ის გენერალურმა დირექტორმა, მაკოტო უჩიდამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
კომპანიის ხელმძღვანელის ცვლილება პირდაპირ კავშირშია Nissan-ის და Honda-ს $60-მილიარდიანი გარიგების ჩაშლასთან, რომელიც იაპონური კომპანიების გაერთიანებას და ფინანსური კრიზისის დასრულებას ისახავდა მიზნად. როგორც ცნობილია, გარიგების ჩაშლის ინიციატორი სწორედ მაკოტო უჩიდა იყო, რომლისთვისაც Honda-ს ხელმძღვანელობის დამოკიდებულება და Nissan-ის მოხსენიება, როგორც „შვილობილ კომპანიად“ პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა.
ინვესტორთა ნაწილის შეფასებით, უჩიდამ პირადი ამბიცია კომპანიის ინტერესებზე მაღლა დააყენა და ამით ისტორიული მნიშვნელობის გარიგება ჩაშალა, ამიტომ ის Nissan-ის მართვის პროცესს უნდა ჩამოშორებულიყო.
უჩიდას გადადგომის შემდეგ, Nissan-ის გენერალური დირექტორის პოზიციას ივან ესპინოსა დაიკავებს, რომელიც აქამდე საოპერაციო დაგეგმვის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. როგორც ცნობილია, ესპინოსას მთავარი პრიორიტეტი Nissan-ის ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება და ახალი ინვესტიციის მოზიდვა იქნება, რათა იაპონურმა ბრენდმა გადარჩენა შეძლოს.
90-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდის კოლაფსის ზღვარზე აღმოჩენა ჩინეთის, ამერიკისა და ევროპის ბაზარზე გაყიდვების დრამატულ შემცირებას უკავშირდება, რასაც, თავის მხრივ, ჩინური, ამერიკული, იაპონური და კორეული ავტომწარმოებლებისგან მომავალი ზეწოლა განაპირობებს. მოგეხსენებათ, Nissan-ის გაყიდვების უდიდესი ნაწილი ბიუჯეტურ ავტომობილებზე მოდის, ამ მიმართულებით კი კონკურენტების რაოდენობა თითქმის ყოველდღიურად იზრდება, რაც Nissan-ის ბაზრის წილს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, Nissan-მა რესტრუქტურიზაციის სტრატეგია წარმოადგინა, რომელიც სამუშაო ძალის 9,000 თანამშრომლით შემცირებას, ხარჯების ოპტიმიზაციას, გლობალური წარმოების 20%-ით შემცირებას და ეფექტიანობის გაზრდას მოიაზრებს.
ამჟამად Nissan-ის გადარჩენის საკითხი პირდაპირაა დამოკიდებული ზემოხსენებული რესტრუქტურიზაციის სტრატეგიის ეფექტიანობაზე და ახალი გენერალური დირექტორის ხედვაზე.