მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიუ იორკის მეტროპოლიტენ-ოპერა შაგალის 10-მეტრიანი ნახატების გაყიდვას გეგმავს

შაგალი

ნიუ იორკში მდებარე მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი, ჩრდილოეთ ამერიკის კლასიკური მუსიკის ყველაზე დიდი ორგანიზაცია, მარკ შაგალის ორი მონუმენტური ნახატის გაყიდვას გეგმავს.

შაგალის მიერ მეტროპოლიტენ-ოპერასთვის შექმნილი The Triumph of Music და The Sources of Music შენობის გახსნიდან, 1966 წლიდან, მისი ინტერიერის განუყოფელი ნაწილია. Sotheby’s სააუქციონო სახლის შეფასებით ამ ორი ნახატის ჯამური ღირებულება $55 მილიონია.

მეტროპოლიტენ-ოპერას გენერალური დირექტორის პიტერ გელბის განმარტებით, ნახატების გაყიდვის შემთხვევაში მათი გადაადგილება ვერ მოხერხდება, ამიტომაც ახალი მეპატრონის სახელი ნახატების გვერდზე მანიშნებელ დაფაზე განთავსდება.

რატომ გადაწყდა მეტროპოლიტენ-ოპერის ერთ-ერთი სიმბოლოს გაყიდვა?

ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, პანდემიის შემდეგ ორგანიზაცია ფინანსურ კრიზისს განიცდის, გასულ წელს ორგანიზაციის სუფთა მოგებამ $70 მილიონი შეადგინა, მაშინ როდესაც საოპერაციო ხარჯები ამ რიცხვს 4,5-ჯერ აღემატებოდა და $326 მილიონი შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციამ არაერთი ნაბიჯი გადადგა ფინანსური სიძნელეების დასაძლევად, მათ შორის იანვარში ოპერის შტატი შეამცირა, ასევე არასაკონცერტო პერიოდში ივნისში, 3800 ადგილიანი დარბაზის გაქირავება იგეგმება, ორგანიზაცია კრიზისს ბოლომდე მაინც ვერ დაძლევს.

გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ მეტროპოლიტენ-ოპერამ საუდის არაბეთთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმადაც $200 მილიონიანი სუბსიდიის სანაცვლოდ ოპერის დასი რიადის სამეფო ოპერის სახლში სამკვირიან წარმოდგენებს გამართავდა, თუმცა ოპერის გენერალური მენეჯერის განმარტებით, შეპირებული თანხა ჯერ მეტროპოლიტენ-ოპერას არ მიუღია.

"მესმის, რომ საუდელებს საკუთარი ეკონომიკური პრობლემების გამო ბიუჯეტის გადახედვა მოუწიათ", - განუცხადა გელბმა Times-ს. "დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება ასრულდება, მაგრამ ჩვენ უკვე გარკვეული ხანია ველოდებით".

Les Amoureux (1924)

მარკ შაგალის ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი, Les Amoureux (1924), Sotheby’s აუქციონზე 2017 წელს $28,5 მილიონად გაიყიდა. საინტერესოა რა თანხად გაიყიდება მეტროპოლიტენ-ოპერას ნახატები და ვინ გახდება მათ გვერდზე საპატიო მანიშნებელი დაფის ბინადარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები