თბილისში, ბოხუას ქუჩაზე „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციით სპორტული მედიცინის ცენტრს აშენებს. ამის შესახებ bm.ge-ის სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცეპრეზიდენტმა, ხათუნა საგანელიძემ განუცხადა.
პროექტი, რომელიც 3200 კვ.მ. ტერიტორიაზე ხორციელდება, მედიცინის ცენტრის გარდა, საწვრთნელ მოედნებსა და სხვა საჭირო ობიექტებს გააერთიანებს. ხათუნა საგანელიძის თქმით, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“ გარე ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც კალათბურთისა და ფეხბურთის ოთხ მოედანს მოიცავს, უკვე დაასრულა. შენობის მშენებლობის დასაწყებად კი მერიის თანხმობაა საჭირო, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია ელოდებიან.
„მშენებლობის დასაწყებად მერიასთან შეთანხმების პროცესი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, იმედი გვაქვს ლოგიკურ დასასრულამდე მივალთ, ამ ეტაპისთვის გარე ინფრასტრუქტურა მოეწყო, აშენდა მოედნები, სადაც სპორტსმენები რეაბილიტაციას გაივლიან, ამ მასშტაბის სპორტული მედიცინის ცენტრი საქართველოში პირველად შენდება, ჩვენს ქვეყანაში ეს მიმართულება საკმარისად განვითარებული არ არის, სპორტული მედიცინა სპეციფიკურ განათლებას საჭიროებს, სპეციალისტების დეფიციტიც გვაქვს, ამიტომ ადგილობრივების გადამზადებას ვაპირებთ. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მოზიდვაც და ვფიქრობ, ეს ცენტრი მათ ამ მიმართულებაზე სწავლის სურვილსაც გაუჩენს. რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, ზუსტი რიცხვის დასახელება რთულია, რადგან ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე არანაკლები ხარჯი შენობის აღჭურვაა“, - განმარტავს ხათუნა საგანელიძე.
საქართველოში ამ მასშტაბის პირველი სპორტული მედიცინის ცენტრი საწყისად უცხოელი მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდება, ადგილობრივების გადამზადების შემდგომ კი სამედიცინო ცენტრში ქართველი ექიმებიც დასაქმდებიან.

























