ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 სექტემბრიდან, რექტორის პოზიცია გიორგი ბარკალაიამ დაიკავა.
გიორგი ბარკალაიას საგანმანათლებლო, მარკეტინგულ და საკონსულტაციო სფეროში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. კერძოდ, მას აქვს მარკეტინგულ, საკონსულტაციო და საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იყო „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, „არტი ჯგუფის“, საქართველოს ბანკის ჯგუფის (რომლის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს ბანკი, ბი-ჯი-ბანკი (უკრაინა), ბელორუსიის სახალხო ბანკი (ბელორუსია) და „ალდაგი–ბი-სი-აი“ – სადაზღვევო კომპანია), შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიისა“ და სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ მარკეტინგის დირექტორი და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი. მისი საკონსულტაციო საქმიანობა და პროექტები: „სოკარ ენერჯი ჯორჯიასთვის“ „ბრენდისა და ბრენდირების სტრატეგიის“ შემუშავება, ზემოთ ხსენებული კომპანიების მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და მარკეტინგული და საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმიანობის მართვა, საუკეთესო სატელევიზიო რეკლამების შექმნა საქართველოში, ლონდონის სარეკლამო კომპანია „ალენ ინთერნეიშენალთან“ ერთად განხორციელებული სატელევიზიო ფლეისმენთები და რებრენდირება, აგრეთვე გაყიდვათა დაგეგმვა და ანალიზი სხვადასხვა კომპანიებისთვის, მედია დაგეგმვასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიების შემუშავება და განხორციელება, გაყიდვების სტრატეგიებისა და რეალიზაციის ახალი მიმართულებების შემუშავება.
ამასთან, 2015 წლიდან არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სრული პროფესორი. დამთავრებული აქვს ტორონტოს უნივერსიტეტი და ფლობს დოქტორის ხარისხს მარკეტინგის მიმართულებით.
აკადემიური საბჭოს სხდომაზე კანდიდატებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ხედვასთან დაკავშირებით.
გიორგი ბარკალაია რექტორის მოვალეობას მომდევნო 2 წლის განმავლობაში შეასრულებს.