მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნივთების გაჩუქების პორტალი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე გასვლისთვის ემზადება

5971a20469680
სალომე მეცხვარიშვილი
22.07.17 11:00
3416
2 თვეა, რაც ინტერნეტსივრცეში ნივთების გაჩუქების ქართული ვებგვერდი Fulwish.com გამოჩნდა. 2 მეგობრის დაწყებული იდეის გარშემო უკვე 1700-მდე ადამიანია გაერთიანებული - საიტს ამ ეტაპზე სწორედ ამ რაოდენობის მომხმარებელი ჰყავს, თუმცა, დამფუძნებლის თქმით, მომხმარებლების რიცხვი დღითიდღე იზრდება.

ვებგვერდის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი გოგუაძე ამბობს, რომ Fulwish არის პლატფორმა, სადაც მომხმარებელს შეუძლია განათავსოს ნივთები, რომლებიც აღარ სჭირდება და გააჩუქოს. მომხმარებელი, რომელსაც დააინტერესებს ნივთი, გაუგზავნის მოთხოვნას ნივთის მფლობელს და დასტურის შემთხვევაში იჩუქებს.

გიორგი გოგუაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ვებგვერდის მეშვეობით დაახლოებით 120 ნივთია გაჩუქებული.

ამ ეტაპზე პლატფორმა კომერციული არ არის, თუმცა, იდეის ავტორები ამბობენ, რომ ვებგვერდით სარგებლობა ყოველთვის უფასო იქნება. Fulwish-ის დამფუძნებლები საერთაშორისო ბაზარზე გასვლისთვის ემზადებიან. გიორგი გოგუაძე ამბობს, რომ წლის ბოლომდე სხვა ქვეყნებშიც დაიწყებენ იდეის გავრცელებას, მანამდე კი საიტის დახვეწაზე მუშაობენ.

"პროექტის მიზანი ასევე გარემოზე ზრუნვაა. ადამიანების მიერ გადაგდებული ნაგვით ოკეანეები იწამლება. პროდუქციის ჭარბად მოხმარების შედეგად ათასობით ტონა ქიმიკატი ჩაედინება მდინარეებში. ვფიქრობ, რომ ჩვენი, როგორც კაცობრიობის, ვალია უფრო გააზრებულად ვიცხოვროთ. ამის საშუალებას გვაძლევს Fulwish, რომ შევამციროთ ნაგავი და შევამციროთ ზედმეტი პროდუქცია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ არსებული პროდუქცია და ვიზრუნოთ გარემოზე. გვინდა, რომ ეს საშუალება ყველა ადამიანისთვის იყოს მარტივად ხელმისაწვდომი",- აცხადებს გიორგი გოგუაძე.

სხვა ქვეყნებში ვებგვერდის ცნობადობის ამაღლებას მისი შემქმნელები სოციალური ქსელისა და სხვა ციფრული მარკეტინგული საშუალებებით გეგმავენ.

გიორგი გოგუაძეს იმედი აქვს, რომ Fulwish საერთაშორისო ბაზარზე ადგილს დაიმკვიდრებს. ვებგვერდის კონკურენტულ უპირატესობად კი მისი სიმარტივე და მომხმარებელზე ორიენტირებული სისტემა მიაჩნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები