სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებმა კომერციულ ბანკებთან მიმართებით თავიანთი პრეტენზიები კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს ნოდარ ხადურს გააცნეს.
როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ თავიანთ პრობლებეზე ისაუბრეს.
„ბანკები სადაზღვევო სფეროში პრობლემებს თუ ქმნიან, ჩვენ აღნიშნულზე ვიმუშავებთ. მე მქონდა კომუნიკაცია, თუმცა ეს ჯერ-ჯერობით ზეპირი კომუნიკაციაა სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებთან და ჩვენ გავაგრძელებთ მათთან მუშაობას ამ პრობლემების იდენტიფიცირებისთვის, რაზეც საუბრობენ. იმედი გვაქვს, კონკრეტულ საკითხებზე რომ ჩამოვყალიბდებით, შემდეგ ჩვენი საქმიანობის მონაწილეობის ხარისხი გამოჩნდება“, - განაცხადა ხადურმა.
კითხვაზე, საჭიროა თუ არა „კონკურენციის შესახებ“ კანონის საბანკო სექტორზე გავრცელება, რასაც სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები ითხოვენ, ხადურმა პასუხად განაცხადა, რომ „კონკურენციის კანონი უნდა გავრცელდეს ყველა სფეროზე, ეს არის ბანკები და ეს არის რეგულირებადი სფეროები“.
„მაგრამ ამავე დროს მიგვაჩნია, რომ ამ სფეროებში - ბანკებში, ენერგეტიკასა და კომუნიკაციებში კანონის აღსრულება არა კონკურნეციის სააგენტომ, არამედ - შესაბამისმა მარეგულირებელმა, ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა მან.
გარდა ამისა, ხადურმა აღნიშნა, რომ გასულ კვირას კონკურენციის სააგენტომ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რის საფუძველზეც იგი იმედოვნებს, რომ სააგენტო გარკვეული პრობლემების მოგვარებას შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ 12-მა სადაზღვევო კომპანიამ საბანკო სექტორზე გარკვეული რეგულაციების დაწესების თხოვნით უკვე მიმართა როგორც მთავრობას, ისე პარლამენტს, ეროვნულ ბანკსა და დაზღვევის ზედამხედველობის საააგენტოს

























