ლუდის მწარმოებლები 2015 წლის 1 მარტიდან ლუდზე აქციზის ზრდის გამო პროდუქციის რეალიზაციის შეამცირებაზე საუბრობენ და აქციზის 10 თეთრით შემცირებას უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ. ლუდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ხშირი კონტაქტი ჰქონდათ უკვე „ქართული ოცნების“ წევრ, ყოფილ ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასთან. მიმდინარე წლის აპრილში, გახარიას აპარატმა, ბიზნესის თხოვნით, ლუდზე აქციზის განაკვეთის შემცირების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები დაითვალა- ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გაკეთებული მოდელირების მიხედვით, აქციზის განაკვეთის შემცირების შემთხვევაში, ბიუჯეტმა რომ შემოსავლები არ დაკარგოს, წელს წარმოება დაახლოებით, 15%-ით მაინც უნდა გაიზარდოს, რის პირობასაც ლუდის მწარმოებლები იძლევიან. ამასთან, ინდუსტრიის და ბიზნესომბუდსმენის ინიციატივაა, ევროპის მსგავსად, საქართველოშიც აქციზის განაკვეთი ლუდის გრადუსიანობაზე იყოს მიბმული.
მიუხედავად ამისა, ფინანსთა სამინისტრო ბიზნესის სურვილის დაკმაყოფილებას არ ჩქარობს. ლუდის ინდუსტრია კი პასუხს ელოდება. თემაზე „ბიზნესკონტრაქტი“ ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ესაუბრა.
მიუხედავად ამისა, ფინანსთა სამინისტრო ბიზნესის სურვილის დაკმაყოფილებას არ ჩქარობს. ლუდის ინდუსტრია კი პასუხს ელოდება. თემაზე „ბიზნესკონტრაქტი“ ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ესაუბრა.
- ბატონო ნოდარ, ლუდის ინდუსტრია ფინანსთა სამინისტროს პასუხს ელოდება. როდის მიიღებთ გადაწყვეტილებას?
- ჩვენ ცოტა სხვა მიმართულებით ვმუშაობთ. ზოგადად, ლუდის აქციზის სისტემის შეცვლაზე ვმუშაობთ, რომელიც დამოკიდებული იქნება ალკოჰოლის შემცველობაზე და სიმკვრივეზე...
- ბიზნესომბუდსმენმა უკვე ხომ დადო გათვლა, რომ შესაძლებელია ლუდზე აქციზის 10 თეთრით შემცირება ისე, რომ საბიუჯეტო შემოსავლები არ შემცირდეს...
- მე მინდა გითხრათ, რომ ყველა გათვლა, რომელიც არსებობს, საზოგადოებისთვის ღია იქნება და როცა აქციზის განაკვეთის შეცვლაზე გადაწყვეტილებას მივიღებთ, საზოგადოება დარწმუნდება, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
- დაახლოებით, როდის ეცოდინება ეს გადაწყვეტილება ბიზნესს?
- ვიდრე პარლამენტი არ შეიკრიბება, ალბათ ამ თემაზე სუაბარი არ ღირს, იმიტომ რომ, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ნამდვილად პარლამენტმა უნდა მიიღოს. ეს მინისტრების ბრძანებით ვერ განხორციელდება თუ კანონმდებლობა არ შეიცვალა..
- ანუ ახალი მოწვევის პარლამენტამდე?
- რეალურად, თქვენ იცით, რომ გარკვეული საკანონმდებლო შეზღუდვებია იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტი შეიკრიბოს, თუ არ ვცდები ერთი დღეა სექტემბერში, როცა შეიძლება სესია ჩატარდეს და ბოლო ერთი თვე როგორც წესი პარლამენტი არ იკრიბება. შესაბამისად, არ ვიცი, ამ თემის განხილვა მოესწრება თუ არა პარლამენტში.

























