ნოემბერში 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2,8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2015 წლის ნოემბერთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 1,7 პროცენტით. 2010 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსის 27,2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. 2016 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე 3,1 პროცენტით და სექციის წვლილმა ინდექსის მთლიან მაჩვენებელში 2,55 პროცენტული პუნქტი შეადგინა. სექციაში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების ქვესექციაზე (8,4 პროცენტი) და საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების ქვესექციაზე (2,2 პროცენტი).
საქსტატის მონაცემებით, სამთომოპოვებითი მრეწველობის სექციაზე ფასები გაიზარდა 8,4 პროცენტით და შესაბამისად, სექციამ 0,33 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე:
დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები გაიზარდა 0,9 პროცენტით და სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 0,80 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების (5,6 პროცენტი) და მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების (4,7 პროცენტი) ქვესექციებზე;
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები გაიზარდა 4,9 პროცენტით და შესაბამისად სექციამ 0,61 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

























