საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. იაშვილისა და ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოში ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რინოვირუსია გავრცელებული, თუმცა ცირკულირებს ადენოვირუსი, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი (RSV), ენტეროვირუსები და მეტაპნევმოვირუსიც.
მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, რომ გრიპის A ტიპის ვირუსის შემთხვევები ჯერჯერობით შედარებით მცირე წილს შეადგენს, თუმცა ნოემბრიდან მისი გავრცელების მატებაა მოსალოდნელი. პარალელურად, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე დაიწყო.
„ყველაზე მეტი შემთხვევა რინოვირუსის არის, ეს არის სადღაც 50%-მდე, 54%-მდე. ეს არის ვირუსი, რომელიც მსუბუქად გადააქვთ დიდებსაც და პატარებსაც და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ ხოლმე“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომლის წილი დაახლოებით 8%-ია. ის განსაკუთრებით საყურადღებოა ორ წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან შესაძლოა ბრონქიოლიტი გამოიწვიოს და ჰოსპიტალიზაციის საჭიროება შექმნას.
„ეს არის 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განსაკუთრებით საშიში, ბრონქიოლიტის მიზეზი და გამომწვევი და ასეთ ბავშვებს, როგორც წესი, სჭირდებათ ხოლმე ჰოსპიტალიზაცია“, - აღნიშნა ექიმმა.
მაია ჩხაიძის ინფორმაციით, ვირუსების გავრცელების საერთო სურათში ადენოვირუსის წილი დაახლოებით 15%-ია, ენტეროვირუსებისა და მეტაპნევმოვირუსის კი - 4-4%. მისივე თქმით, ენტეროვირუსებს შორის ცირკულირებს კოქსაკის ვირუსიც. ამასთან, გავრცელებულია კორონავირუსის ჯგუფის სხვა ვირუსებიც, რომლებიც COVID-19-ისგან განსხვავდება.
რაც შეეხება სეზონურ გრიპს, ექიმის განცხადებით, გრიპის A ტიპის ვირუსის წილი ამ ეტაპზე დაახლოებით 4%-ია. სექტემბერში ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენდა, შემდეგ კი იყო კვირა, როდესაც გრიპის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ახლა ვირუსი კვლავ გამოვლინდა, თუმცა მისი გავრცელება ჯერ კიდევ შეზღუდულია.
„ნოემბრის თვიდან უკვე უნდა ველოდოთ, რომ გრიპის შემთხვევები უფრო მეტი იქნება. ახლა ჯერ სულ 4%-ია ამ ეტაპზე გრიპის, A ტიპის გრიპის“, - განაცხადა ჩხაიძემ.
გრიპის შემთხვევების მოსალოდნელი მატების ფონზე, საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე დაიწყო. მაია ჩხაიძის განცხადებით, ვაქცინა ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომია, ხოლო რისკჯგუფებისთვის, მათ შორის ბავშვებისა და ორსულებისთვის, უფასოა.
წლევანდელი ვაქცინა სამკომპონენტიანია და მოიცავს გრიპის A ტიპის ორ ქვეტიპს - H1N1-სა და H3N2-ს, ასევე B ტიპის ერთ შტამს. ვაქცინაცია ექვსი თვის ასაკიდან არის შესაძლებელი. ექიმი განსაკუთრებით მოუწოდებს აცრისკენ რისკჯგუფებში შემავალ ადამიანებს, მათ შორის ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, 60 წელს გადაცილებულ ადამიანებსა და ორსულებს.
მაია ჩხაიძის თქმით, გრიპის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ვაქცინაციასთან ერთად ჰიგიენის წესების დაცვაც, მათ შორის ხელების ხშირი დაბანა და ოთახების განიავება. მისი რეკომენდაციით, რესპირატორული სიმპტომების მქონე ადამიანებმა ავადმყოფობის პერიოდში საზოგადოებრივ სივრცეებში ყოფნას თავი უნდა აარიდონ.
























