მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოღაიდელი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას სიცრუეს უწოდებს

60b205ba8ccf4
შოთა ტყეშელაშვილი
30.05.21 12:00
4288
საქართველოს ექს-პრემიერი კომპანია “ელ გრინის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ნოღაიდელი “გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას სიცრუეს უწოდებს. ნოღაიდელის თქმით, ჯაფარიძის განცხადება იმის თაობაზე, თითქოს მათი ბიზნესი რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტში არის ჩართული, სიცრუეს წარმოადგენს, რადგანაც კომპანია მხოლოდ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტით არის დაკავებული. ზურაბ ჯაფარიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ნამახვანჰესის პროექტის წინააღმდეგ კამპანიაში შესაძლოა, რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტით დაკავებული პირები იყვნენ ჩართული. ნოღაიდელი  აცხადებს, რომ “ელ გრინს” რუსულ ელექტროენერგიასთან კავშირი არ აქვს, თანაც ისინი ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას მხარს უჭერენ.

“იყო ასეთი ბრალდება, რომ იმპორტიორებს უკავშირება ეს პროცესი, და ეს ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, მაგრამ ეს არის ტყუილი. პირველ რიგში, ჩვენი კომპანია და მისი დამფუძნებელი სულხან პაპაშვილი არ არის რუსეთიდან დენის იმპორტში ჩართული. მეორე ტყუილი არის ის, რომ ჩვენ არ ვლობირებთ საქართველოში დამატებითი ენერგეტიკული სიმძლავრეების წინააღმდეგ, პირიქით ვფიქრობთ, რომ აუცილებელია, საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარება თავიდან ბოლომდე იყოს დაბალანსებული ქვეყნის საკუთარი გენერაციის საშუალებით,” - განაცხადა გადაცემა “ანალიტიკის” ეთერში ზურაბ ნოღაიდელმა.

როგორც ექს-პრემიერი განმარტავს, ახალი ჰიდროელექტროსადურების მშენებლობა საჭიროა იმისთვისაც, რომ ქვეყანამ ქარის და მზის ენერგეტიკის ათვისება შეძლოს, რადგანაც ამ სადგურებს შეუძლიათ დააბალანსონ და შეავსონ ის არათანაბარი გამომუშავება, რაც ქარის და მზის გენერაციას ახასიათებს.

“ჩვენ თუ გვინდა, რომ ავაშენოთ 500 მეგავატის ჯამური სიმძლავრის ქარის სადგურები ან იგივე მზის ელექტროსადური, ამისთვის აუცილებელია, მინიმუმ 600-650 მეგავატის სიმძლავრის მარეგულირებელი, ნამახვანის მსგავსი სადგური შეემატოს ქსელს. ქარი ხან არის, ხან - არა, შესაბამისად, ეს 500 მეგავატის სიმძლავრე არათანაბარია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამის შევსება მარეგულირებელი სადგურებით,” - ამბობს ნოღაიდელი.

ზურაბ ნოღაიდელის თქითვე, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მაღალი მნიშვნელობის ენერგეტიკული პროექტების შესახებ მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია დაამყაროს.

“დისკუსია წავიდა, რომ საერთოდ არ გვინდა არავითარი ახალი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში... ის ხალხი, ვინც ნამახვანის პროტესტს უდგას სათავეში, მათი ცხოვრების წესი გახდა წინააღმდეგობა საქართველოში ნებისმიერი განვითარების წინააღმდეგ, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რატომ უნდა აშენდეს ნამახვანი...სახელმწიფომ უნდა აუხსნას საზოგადოებას, რომ ამ ობიექტს აქვს ზეგავლენა გარემოზე, მარამ სარგებელი იქნება მეტი, ვიდრე უარყოფითი შედეგები, რომელიც ამ პროექტის განვითარებას მოჰყვება,” - ამბობს ნოღაიდელი.

"ეს [პროტესტი] თავისით არ ხდება და ამის უკან ვიღაცეები დგანან. ამის უკან არიან ისინი, ვინც რუსეთიდან აწარმოებს ელექტროენრგიის იმპორტს და წელიწადში ასობით მილიონს შოულობს. ან კრემლი დგას ამის უკან, ან ის ხალხი ვისაც შემოაქვს დენი იმპორტით. გვარებსაც გეტყვით - ჩხარტიშვილსა და პაპაშვილზე არის საუბარი, ეს ყველამ იცის. ეს არის ორი ადამიანი ვისაც შემოაქვს რუსეთიდან იმპორტით დენი და მათ ინტერსში არ შედის, რომ აქ საკუთარი დენი გვქონდეს, რადგან ყიდიან შემოტანილ დენს და შოულობენ ბევრ, ალბათ ასობით მილიონებს და არ აინტერესებთ, რომ აქ რაღაც აშენდეს. ეს არის მე რაც გამოვიძიე,”- 22 მაისს განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა “პოლიტიკური პარასკევის” ეთერში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები