მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nokia-ს კვარტალურმა საოპერაციო მოგებამ ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა

nokia

ფინური ტელეკომუნიკაციების გიგანტმა, Nokia-მ 2026 წლის მეორე კვარტალში ბაზრის პროგნოზზე მაღალი, €4.82 მილიარდის შემოსავალი მიიღო. არსებული ინფორმაციით, კომპანიის საოპერაციო მოგება წლიურად 18%-ით გაიზარდა და €434 მლნ. ($496.11 მლნ.) შეადგინა. ეს მაჩვენებელი LSEG-ის ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ €382 მილიონს საგრძნობლად აღემატებოდა.

აღსანიშნავია, რომ Nokia-ს ფინანსური წარმატება ხელოვნური ინტელექტისა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების სექტორიდან მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა. საანგარიშო პერიოდში ამ მიმართულებიდან მიღებული შემოსავალი გაორმაგდა და €446 მლნ შეადგინა, ხოლო ახალი შეკვეთების საერთო მოცულობამ €2.8 მილიარდს მიაღწია. კომპანიამ სტრატეგიული აქცენტი იმ ოპტიკურ-ბოჭკოვან მოწყობილობებზე გადაიტანა, რომლებიც ტექნოლოგიურ გიგანტებს მონაცემთა ცენტრების მშენებლობაში ეხმარება.

Nokia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯასტინ ჰოტარდმა განაცხადა, რომ ბაზარზე მოთხოვნა მაღალი რჩება, თუმცა მთავარ გამოწვევას მიწოდების ჯაჭვში არსებული შეზღუდვები ქმნის. როგორც მან აღნიშნა, ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე მეხსიერების ჩიპებზე ფასების ზრდამ მთელ სექტორზე გავლენა იქონია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კვარტალური შედეგების ფონზე Nokia-მ მთლიანი წლის საპროგნოზო მაჩვენებლებიც გაზარდა. კომპანიის ხელმძღვანელობა მოელის, რომ წლიური საოპერაციო მოგება €2.1 მილიარდიდან €2.6 მილიარდამდე შუალედში დაფიქსირდება. მანამდე არსებული პროგნოზი €2.0 მილიარდიდან €2.5 მილიარდამდე ინტერვალს მოიცავდა.

შეგახსენებთ, Nokia ფინეთის ქალაქ ესპოოში ბაზირებული კომპანიაა, რომელსაც ბოლო 1 წელია ჯასტინ ჰოტარდი ხელმძღვანელობს. მანამდე იგი Intel-ის მონაცემთა ცენტრებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებას ედგა სათავეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები