ბალტიის ზღვაში გამავალი Nord Stream 2-ის გაზსადენიდან გაზის გაჟონვას საბოტაჟს უკავშირებენ.
ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. შვედეთის საზღვაო ხელისუფლებამ გააფრთხილა გემები გაზის გაჟონვის შესახებ.
“დღეს ჩვენ საბოტაჟის წინაშე ვართ, ჩვენ არ ვიცით დეტალები რა მოხდა, თუმცა ეს ნათლად საბოტაჟური ქმედებაა”, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
საბოტაჟის შესაძლებლობას უშვებს დანიის პრემიერ-მინისტრიც. მისი თქმით, გაჟონვის სამი შემთხვევა რთულად წარმოსადგენია დამთხვევა იყოს.
Nord Stream 2-ს გერმანიისთვის რუსული გაზის მიწოდება უნდა გაეორმაგებინა, თუმცა $11-მილიარდიანი პროექტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო გერმანიის მთავრობამ გააჩერა, კერძოდ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა სცნო.
როგორც BBC წერს, გაზსადენში გაზი უკვე იყო ჩატვირთული იყო და ახლა არსებობს საფრთხე რომ მისი დიდი ნაწილი ატმოსფეროში გამოიფრქვევა. მიმდინარე სექტემბრიდან რუსეთმა Nord Stream 1-ც გააჩერა, რომელიც Nord Stream 2-ის პარალელური გაზსადენია ბალტიის ზღვაში. ოფიციალურ მიზეზად კრემლმა სარემონტო სამუშაოები დაასახელა, თუმცა ევროკავშირმა მოსკოვი გაზის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში დაადანაშაულა. ამ ეტაპზე ევროკავშირი რუსეთის ჩამნაცვლებელს ეძებს ენერგორესურსების ნაწილში, რითაც ასევე შეუმცირდება რუსეთის ომის დასაფინანსებელი შემოსავალი.