ნორვეგიამ ღრმა ზღვის წიაღისეულის მოპოვების სადავო გეგმების შესრულება გადადო - ამის შესახებ Euronews იტყობინება.
კერძოდ, გასულ კვირას ქვეყნის ლეიბორისტულმა მთავრობამ დაადასტურა, რომ მიმდინარე საპარლამენტო ვადის განმავლობაში, რომელიც 2029 წლამდე გრძელდება, ღრმა ზღვაში წიაღისეულის მოპოვებაზე ლიცენზიებს არ გასცემს.
ამ შეთანხმებას წინ უძღოდა ინტენსიური მოლაპარაკებები ლეიბორისტებს, სოციალისტურ მემარცხენე პარტიას, მწვანეთა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას ლეიბორისტები უდგანან სათავეში, მათ დამოუკიდებლად უმრავლესობა არ გააჩნიათ და 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დასამტკიცებლად სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა სჭირდებოდათ.
გასულ წელს ნორვეგია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ღრმა ზღვის წიაღისეულის მოპოვებას მწვანე შუქი აუნთო. მიზანი იმ მინერალების წყალქვეშა ძიების დაჩქარება იყო, რომლებიც მწვანე ტექნოლოგიების, მაგალითად, ელექტრომობილების ელემენტების დასამზადებლად გამოიყენება.
კანონპროექტი გულისხმობს, რომ ქვეყნის ეროვნული წყლების დაახლოებით 280 000 კვადრატული მეტრი შესაძლოა, საბოლოოდ გაიხსნას ზღვის ფსკერიდან იმ ქანების მოსაპოვებლად, რომლებიც კობალტსა და თუთიას შეიცავს. მოპოვების ლიცენზიების გაცემა 2025 წლიდან იყო დაგეგმილი.
ნორვეგია დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ზღვის ფსკერიდან მინერალების მოპოვება ქვეყანას ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისგან ჩამოშორებაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს „მწვანე ტრანზიციას“ საწვავი ელემენტების, მზის პანელების, ელექტრომობილებისა და მობილური ტელეფონების წარმოების კუთხით.
თუმცა, „გარემოსდაცვითი სამართლიანობის ფონდის“ მიერ გასულ წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ღრმა ზღვაში წიაღისეულის მოპოვება სუფთა ენერგიაზე გადასვლისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს.
ნორვეგიის გადაწყვეტილებამ, გადაედო ღრმა ზღვის წიაღისეულის მოპოვება, მრავალი გარემოსდაცვითი ჯგუფის მოწონება დაიმსახურა და გააჩინა მოწოდებები, რომ ქვეყანამ ამ პრაქტიკაზე გლობალურ მორატორიუმს დაუჭიროს მხარი.
თუმცა პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ნაბიჯი უნდა იქნეს გაგებული როგორც გადავადება და არა როგორც მუდმივი აკრძალვა.




























