Norges Bank Investment Management (NBIM)-მა, რომელიც მსოფლიოს უდიდეს სუვერენულ ფონდს მართავს, შანხაიში თავისი ოფისის დახურვის პროცესი დაიწყო. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მსხვილი გლობალური კომპანიები მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკაში ოპერაციებს წყვეტენ.
ფირმა, რომელიც ნორვეგიის 1,4 ტრილიონი დოლარის საპენსიო ფონდს მართავს, მსოფლიოს ყველაზე დიდი ინვესტორია საფონდო ბაზარზე. 2022 წლის ბოლოსთვის ფირმა დაახლოებით 42 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციებს ფლობდა 850 ჩინურ კომპანიაში. NBIM-ის ცნობით, ამ ინვესტიციების მართვა მომავალში ფირმის აზიის ცენტრიდან, სინგაპურში მოხდება.
NBIM-ის 8 სექტემბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ შანხაის ოფისის დახურვის გადაწყვეტილება “ოპერატიული მოსაზრებებით” იყო გამოწვეული და ეს გადაწყვეტილება ფონდის ინვესტიციებსა და ჩინეთში მის საინვესტიციო სტრატეგიაზე არ იმოქმედებს. შანხაის ოფისში ამჟამად 8 ადამიანია დასაქმებული, ფირმა აცხადებს, რომ ის დაზარალებულებისთვის უზრუნველყოფს ისეთ “მოწესრიგებულ” დახურვის პროცესს, როგორიც ადგილობრივ მოთხოვნებს შეესაბამება.
ოფისის დახურვა, როგორც ჩანს, საერთაშორისო ინვესტორებს შორის არსებულ ტენდენციას შეესაბამება, რომ თავიანთი ოპერაციების დივერსიფიკაცია ჩინეთიდან მოშორებით მოახდინონ, რადგან ქვეყანაში ბიზნესის კეთების გარშემო გაურკვევლობა იზრდება.
Ontario Teachers' Pension Plan-მა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საპენსიო ფონდმა, ამ წლის დასაწყისში თავისი ჰონკონგში დაფუძნებული ჩინეთის კაპიტალის საინვესტიციო გუნდი დახურა. კომპანიას აღარ ეყოლება ქვეყანაზე ორიენტირებული აქციების არჩევის გუნდები, რომლებიც დაფუძნებულია აზიაში - განუცხადა CNN-ს ფონდის წარმომადგენელმა მაისში.
Forrester Research, ამერიკული ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კვლევითი და საკონსულტაციო ფირმა, ასევე გეგმავდა თავისი ჩინელი ანალიტიკოსების უმრავლესობის შემცირებას დაახლოებით იმავე დროს. ფირმამ მაისში CNN-თან საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი მისი გლობალური რესტრუქტურიზაციის ნაწილი იყო და ის ჩინეთში კლიენტებს თავისი გლობალური კვლევითი გუნდის მეშვეობით მოემსახურებოდა.
ჩინეთის ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინ დგას. უძრავი ქონების ბაზარი ვარდნაშია და შესაძლოა დიდი სავალო კრიზისი გამოიწვიოს. ახალგაზრდები რეკორდულ უმუშევრობის დონეს ებრძვიან.ბიზნესები ქვეყნის მომავლის მიმართ ნდობას კარგავენ და უარს ამბობენ ინვესტირებაზე.
NBIM-მა შანხაის ოფისი 2007 წლის ნოემბერში დააარსა , ერთი წლის შემდეგ, რაც ჩინურმა მარეგულირებელმა ნორვეგიის სუვერენულ ფონდს ჩინეთის საფონდო ბირჟაზე პირდაპირი ვაჭრობის ლიცენზია მიანიჭა, ეს ფირმის პირველი აზიური ოფისი იყო.
ფირმამ, რომელიც ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ინვესტიციების მართვის განყოფილებაა, განაცხადა, რომ აზიის რეგიონის საოპერაციო ფუნქციების სინგაპურში გატანა აქტიურ პროცესშია. სინგაპურის ოფისი 2012 წელს გაიხსნა.
„წლების განმავლობაში, ჩვენი სინგაპურის ოფისი უფრო და უფრო აქტიურად ემსახურება და ყველა საოპერაციო ფუნქციას ასრულებს მთელი აზიის რეგიონისთვის, მათ შორის ჩინეთისთვისაც”, - ნათქვამია განცხადებაში.