მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნორვეგიული ორაგული ქართულ ბაზარზე, სავარაუდოდ, შემოდგომიდან გამოჩნდება - Guria Fish Farming

64186b5d651a8
თინათინ ნატმელაძე
20.03.23 23:30
3276
ნორვეგიული ორაგული ქართულ ბაზარზე, სავარაუდოდ, შემოდგომიდან გამოჩნდება, - ამის შესახებ Guria Fish Farming-ის დირექტორმა, ვანო დობორჯგინიძემ BM.GE-ის განუცხადა და აღნიშნა, რომ ამ სფეროში საკმაოდ ბევრი დაბრკოლებაა, რაც პროცესს აფერხებს.

„ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამუშაოები, მშენებლობის პროცესების დასრულების ეტაპზე ვართ, თუმცა საკმაოდ ბევრი ფაქტორი გვაფერხებს, - პირველ რიგში, არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც მეურნეობის შესაქმნელად აუცილებელია,

მსგავსი ტიპის წარმოება საქართველოში აქამდე არ არსებობდა, ამიტომ ძალიან ბევრი ნიუანსის გათვალისწინება გვიწევს, წინ მივიწევთ და ვფიქრობთ, რომ წელს აუცილებლად გავიტანთ ბაზარზე, სავარაუდოდ, შემოდგომიდან უკვე გამოვჩნდებით“, - განაცხადა ვანო დობორჯგინიძემ.

მისივე თქმით, ლაბორატორიის პრობლემის მოგვარებას საკუთარი ძალებით გეგმავენ და უახლოეს მომავალში პირად ლაბორატორიას გახსნიან, თუმცა ამ პროცესს საკმაოდ დიდი სიფრთხილით უდგებიან, სხვადასხვა შემოთავაზებებს განიხილავენ და გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ სწორი რეკომენდაციების გათვალისწინებით აპირებენ.

Guria Fish Farming-ის დირექტორი ქართული აკვაკულტურის პოტენციალზეც გვიყვება და ამბობს, რომ ამ სექტორის განვითარება ქვეყანას მნიშვნელოვან შემოსავლებს მოუტანს.

„საკმაოდ დიდი პოტენციალი გვაქვს - ბევრი წყლებია, გვაქვს ზღვა, ასე რომ თევზის გაზრდა და მომრავლება თავისუფლად შეგვიძლია, უბრალოდ, ამისთვის მხარდაჭერა და ხელშეწყობაა საჭირო.

მაგალითად ჩვენ, პირველ ეტაპზე 700 ტონა ორაგულის რეალიზებას ვაპირებთ, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ციფრი გაიზრდება და ვფიქრობ, ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, საექსპორტო ბაზრებზე გასვლასაც შევძლებთ.

ადგილობრივი წარმოების ორაგულის ბაზარზე გამოჩენა, ცხადია, ამ პროდუქტის ფასსაც დაბლა დაწევს და საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებაზე აისახება“, - განმარტავს ვანო დობორჯგინიძე.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Guria Fish Farming ნორვეგიიდან ჩამოყვანილი ლიფსიტებით მეურნეობას ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში, 10 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე აწყობს, პროექტის ჯამური ინვესტიცია კი 200 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები