ნატოში საქართველოს ყოფილი ელჩის, სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (CSD) დამფუძნებლის ლევან დოლიძის განცხადებით, არ არსებობს იმაზე დიდი სანქცია, რასაც ხელისუფლება საკუთარ თავს უწესებს. ამის შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.
ის მმართველ პარტიას მოუწოდებს არ გადალახონ ვეტო, რადგან ამ შემთხვევაში იმაზე დაფიქრების საშუალება იქნება რა შეიძლება გამოსწორდეს ამ პროცესების შემდეგ.
„არ არსებობს იმაზე დიდი სანქცია, რასაც ხელისუფლება საკუთარ თავს უწესებს ოცდაათი წლის განმავლობაში ნაშენები ფუნდამენტის ძირის გამოთხრით. ისტორია ყველაზე მკაცრი მსაჯულია. დიდი ზიანი მოგვადგა უკვე, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ჩიხიდან თავის დაღწევის გზა. ნუ გადალახავთ ვეტოს და კარგად გაიაზრეთ იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ახორციელებთ. კანონი ხომ ამ პოლიტიკის მხოლოდ ერთი გამოვლინებაა. იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რომ ეტაპობრივად შესაძლოა, რაღაცები გამოსწორდეს, გარდა იმ ზიანისა, რაც შესაძლოა საზოგადოებაში დღეს არსებული დაპირისპირების შემდგომ გაღვივებას მოჰყვეს“, - წერს დოლიძე.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა დააწესა სანქციების რეჟიმი საქართველოში დემოკრატიის გაუარესებისა და რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით. სანქციები განისაზღვრება აღნიშნულისთვის პასუხისმგებელი პირებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ, თუმცა სანქცირებულ პირთა სია ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა. ამავე განცხადების თანახმად, აშშ გადახედავს საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ პოლიტიკას.




























