მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნუ შეიტანთ კანონში ცვლილებებს, რომელიც ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობისათვის საფრთხის შემცველია" - უვადო მოსამართლე

ქეთევან მესხიშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ გამწესებული მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი მიიჩნევს, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების ნაწილი არ არის თავსებადი მოსამართლის თავისუფლების იდეასთან.

"ოცნების" მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში და მის თანმდევ კანონპროექტებში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც ერთპარტიულ პარლამენტში დაჩქარებულად განიხილება, ეხება მათ შორის, სასამართლო სხდომების გაშუქების წესს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას, მოსამართლეთა მივლინებებსა და სასამართლო აქტების საჯაროობას.

მან საკუთარი მოსაზრება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"მეგობრებო, გავეცანი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.

კანონპროექტთან დაკავშირებით გეტყვით ჩემი, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოსამართლის აზრს, რომლისთვისაც მოსამართლეობა არ არის პანაცეა, არამედ თავისუფალი მოსამართლეობაა იდეა, რომლისთვისაც ამ პოზიციაზე ყოფნა ღირს.

საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების ნაწილი არ არის მოსამართლის თავისუფლების იდეასთან თავსებადი.

თუ აღნიშნული ცვლილებების „ლეგიტიმური“ მიზანი ის არის, რომ მოსამართლეების მხრიდან ლექცია-სემინარებში მონაწილეობამ, კონფერენციებზე აზრის გამოთქმამ, სამეცნიერო საქმემ და ა.შ. არ გააჩინოს სასამართლოს გაჯანსაღების, მეტი დემოკრატიული პროცესის წარმართვისა და ინდივიდუალური მოსამართლის კიდევ უფრო გაძლიერების საჭიროების განცდა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ სასამართლოში მიმდინარე ჯანსაღი, თუ არაჯანსაღი პროცესის ინდიკატორი ჩვენი, მოსამართლეების გადაწყვეტილებებია. ჩვენი გადაწყვეტილებებით ჩვენ თავად ვწყვეტთ სხვასთან ერთად ჩვენივე ბედს და ვაჩვენებთ, თითოეული მოსამართლის მხრიდან თავისუფალი სუნთქვის მასშტაბს. და ეს უფრო ხმამაღლა მეტყველებს ყველა მოვლენაზე, ვიდრე კონფერენციასა, თუ სემინარებში გამოთქმული რაიმე მოსაზრება.

ამიტომ, ამ ცვლილებებით ვერ მიიღწევა ის მიზანი, რაც შეიძლება ამ კანონპროექტს ჰქონდეს. სამაგიეროდ, მივიღებთ უამრავ შეზღუდვას, დაწესებულს თავისუფალი მოსამართლეებისთვის, ჩემი უამრავი საუკეთესო კოლეგისთვის.

ერთი რამ, რაც შეიძლება დაბეჯითებით გითხრათ, საკუთარი საქმის განსახილველად ყველა ისეთ მოსამართლეს ისურვებს, რომელიც თავისუფალი და მამაცია. თუ დღეს ვინმე ფიქრობს, რომ არ სჭირდება და მას კანონში ხანგრძლივი მივლინების ჩანაწერით დააშინებს, ხვალ მასაც აუცილებლად დასჭირდება ასეთი მოსამართლე.

ამიტომ, ნუ შეიტანთ კანონში ისეთ ცვლილებებს, რომელიც ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობისათვის ესოდენ საფრთხის შემცველია. არ გამოადგება ეს ხალხს, ქვეყანას და არც თქვენ, ამ კანონპროექტის ინიციატორებს გრძელვადიან პერსპექტივაში",- წერს ქეთევან მესხიშვილი.

ვინ არის ქეთევან მესხიშვილი - ბიოგრაფია

განათლება

  • 1999 წელს დაამთავრა თბილისის N 39 საშუალო სკოლა.
  • 2004 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია
  • 2003-2004 წლებში სწავლობდა ზაარბრუკენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ოთხთვიანი სტიპენდიით.
  • 2009 წლიდან არის ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი.
  • 2010 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

სამუშაო გამოცდილება

  • 2001-2002 წლებში მუშაობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული კონსულტაციის ჯგუფის კონსულტანტის თანაშემწედ.
  • 2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სტაჟიორად.
  • 2002 წელს მუშაობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტად.
  • 2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მთარგმნელი - მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
  • 2003-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მთავარ სპეციალისტად.
  • 2005-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწედ.
  • 2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე.
  • 2007-2008 წლებში მუშაობდა კავკასიის უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე.
  • 2008-2009 წლებში მუშაობდა კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.
  • 2009-2010 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.
  • 2010-2011 წლებში დანიშნული იყო სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მოსამართლის უფლებამოსილებას მივლინების საფუძველზე ახორციელებლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
  • 2012 წლის იანვრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
  • 2020 წლის 19 ნოემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები