მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნუ წარმოიდგენთ, რომ თუ ჩვენგან ზურგს იბრუნებთ, უკან დაბრუნებას გთხოვთ" - პეტერ ფიშერი

Fischer

გერმანიის ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ წარსული გამოცდილების მიუხედავად, დღეს ქვეყნის EU-ში გაწევრიანების პროცესი, საქართველოს საგარეო კურსის გამო, შეჩერებულია. ამის შესახებ პეტერ ფიშერმა გერმანიის გაერთიანებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველო-გერმანიის/ევროკავშირის ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა.

"გასულ წელს ამ სცენაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიდექი. მან შეაქო ევროკავშირსა და გერმანიასთან პარტნიორობის ღირებულება და ხარისხი. მე დავეთანხმე, თუმცა გავაფრთხილე რისკების შესახებ, რომ საქართველოს შესაძლოა, დაეკარგა ისტორიული “რანდევუ”. რამდენიმე კვირის შემდეგ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა და 2023 წლის 14 დეკემბერს ვიდექი სცენაზე ჩემს ელჩ კოლეგებთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად, თავისუფლების მოედანზე, უამრავი ხალხის წინაშე - და ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით - ეჰ, როგორ შეიცვალა დრო…

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მთავრობის არჩეული კურსის გამო შეჩერებულია. ამ კურსით საქართველო ვერ შეძლებს, ევროკავშირის წევრი გახდეს", - განაცხადა ფიშერმა.

გერმანიის ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორი საგარეო კურსი სურთ მათ.

"შეამჩნევდით, რომ წელს მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი, არც ერთი პარლამენტარი ან პოლიტიკური ლიდერი, მოწვეული არ გვყავს. რატომ? რადგან გვსურს მკაფიო იყოს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ქართველი ხალხისაა, ჩვენ მისი ნაწილი არ ვართ.

მივმართავ ქართველებს: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გნებავთ. როგორი მთავრობა გსურთ, რომელი ქვეყნების ჯგუფს გინდათ რომ მიეკუთვნებოდეთ. ევროკავშირის კარი ღიაა. და ჩემს პერსონალურ შეხედულებასაც დავამატებ: ნუ წარმოიდგენთ, რომ თუ ჩვენგან ზურგს იბრუნებთ, გამოგეკიდებით და უკან დაბრუნებას გთხოვთ", - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები