ჩურჩხელაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, ამის შესახებ Bm.ge-ს შპს "ნუგბარის" დამფუძნებელმა, ბიძინა ფხოველიშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, კომპანია სულ ორი წელია რაც ბაზარზეა და ჩურჩხელის წარმოება ორჯერ გაზარდა. საოჯახო ტიპის საწარმოში, რომელიც სიღნაღში, კერძოდ წნორში მდებარეობს, დღეში 2-დან 3 ათასამდე ჩურჩხელას ამზადებენ. საწარმოში 40 ადამიანია დასაქმებული.
"ვაწარმოებთ ათი სახეობის ჩურჩხელას, რომელიც ნიგვზის, თხილისა და რქაწითელის ჯიშის ყურძნის წვენისგან მზადდება. პროდუქციის 75%-ს ადგილობრივ ბაზარზე, კერძოდ ჩვენს საფირმო მაღაზიებში და ქსელურ მარკეტებში ვყიდით, 25% კი ექსპორტზე გაგვაქვს. ექსპორტი ექვს ქვეყანაში ხორციელდება: აშშ-ში, რუსეთში, ჩეხეთში, გერმანიაში, ლიეტუვასა და ჩილეში. სამომავლოდ, როდესაც საწარმოო სიმძლავრეებს გავზრდით, სხვა ქვეყნების ათვისებასაც ვგეგმავთ" - განაცხადა ბიძინა ფხოველიშვილმა.
შპს "ნუგბარის" ჩურჩხელა როგორ საექსპორტო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე Whole Nuts-ის ბრენდით იყიდება. შეუფუთავი ჩურჩხელას ფასი 2,70 ლარია, ხოლო შეფუთულის - 3,50 ლარი.
მომავალი წლიდან კომპანია ახალი პროდუქტების, კერძოდ - გოზინაყის, ჩირის და ტყლაპის წარმოებასაც გეგმავს.