რეკორდული ზრდის და მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში 1-ელი ადგილის დაკავების შემდეგ, კომპიუტერული პროცესორების მწარმოებელი NVIDIA მორიგ რეკორდს ამყარებს, თუმცა ამჯერად შედარებით არასახარბიელოს. ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3 დღეში დაახლოებით 500 მილიარდი დოლარით შემცირდა, რაც საფონდო ბირჟების ისტორიაში დაფიქსირებული ვარდნის ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელია.
ამჟამინდელი მდგომარეობით, NVIDIA-ს საბაზრო შეფასება 2 ტრილიონ 900 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის რეიტინგში მე-3 ადგილამდეა ჩამოქვეითებული, თუმცა 5-წლიან პერიოდში მას მაინც 2,700%-იანი ზრდა აქვს, რაც მსოფლიოში დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია.
NVIDIA-ს აქციების შემცირება არ არის დაკავშირებული კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებასთან. ის ამჟამად ერთგვარი ტექნიკური კორექციის ფაზაშია, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ბევრმა ინვესტორმა $3-ტრილიონიან ნიშნულზე მოგების განაღდება და აქციების რეკორდულ ფასად გაყიდვა გადაწყვიტა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან ინვესტორები საფონდო ბირჟიდან მოგებას სწორედ ასე იღებენ.