მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი კომპანია, ამერიკული NVIDIA უპრეცედენტო ზრდას განაგრძობს. ამ ტენდენციის დასტურად კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფენომენალური კვარტალური შედეგები გამოდგება, რომელთა დახმარებით ჯენსენ ჰუანგის კომპანიამ ანალიტიკოსების პროგნოზები კიდევ ერთხელ დაჯაბნა. 2024 წლის პირველ კვარტალში, NVIDIA-მ $26 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 18%-ით მეტია, ვიდრე წინა კვარტალში და ერთბაშად 262%-ით მეტია, ვიდრე შარშან. შემოსავალთან ერთად, წარმოუდგენლად იმატა კომპანიის წმინდა მოგების მაჩვენებელმაც, რომელმაც კვარტალში $14.88 მილიარდი შეადგინა, რაც $12.84 მილიარდით, ანუ 629%-ით მეტია, ვიდრე შარშან.
ფანტასტიკური კვარტალური შედეგების ფონზე, ჯენსენ ჰუანგის კომპანიამ ერთბაშად 150%-ით გაზარდა აქციონერებზე გასაცემი დივიდენდის მოცულობა და თუ ადრე, NVIDIA თითო ჩვეულებრივ აქციაზე 4 ცენტს იხდიდა, ახლა დივიდენდი 10 ცენტამდე გაიზარდა. თუმცა ამის ფონზე, NVIDIA-მ კიდევ ერთი საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის 10:1-თან თანაფარდობით გაყოფა დააანონსა, რაც ნიშნავს, რომ კომპანია ათჯერ მეტ აქციას გამოუშვებს, ხოლო თითო აქციის ფასს ათჯერ შეამცირებს, ანუ NVIDIA-ში იმავე წილის ფლობისთვის, ადამიანს ათჯერ მეტი აქციის ფლობა დასჭირდება. გამოდის, რომ თითო აქციაზე გასაცემი დივიდენდი 1 ცენტი იქნება. ის აქციონერები, რომლებიც 2024 წლის 11 ივნისამდე NVIDIA-ს აქციონერები იქნებიან, დივიდენდს 2024 წლის 28 ივნისს მიიღებენ.
ფენომენალური კვარტალური შედეგების გამოქვეყნებას NVIDIA-ს დამფუძნებელი, ჯენსენ ჰუანგი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანიის შემოსავლის ზრდის დიდი ნაწილი დატაცენტრების ბიზნესზე მოდის, რაც ნამდვილად ასეა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ მიმართულებით, ამერიკული კომპანიის შემოსავალმა ერთბაშად 427%-ით იმატა და $22.6 მილიარდი შეადგინა. დატაცენტრების ბიზნესის ზრდას, თავის წილ ის განაპირობებს, რომ სწორედ ეს მიმართულება არის პასუხისმგებელი NVIDIA-ს ფლაგმანური პროდუქტის, AI-პროცესორების გამოშვებაზე.
“ახალი ინდუსტრიული რევოლუცია დაიწყო - კომპანიები და ქვეყნები NVIDIA-სთან თანამშრომლობენ, რათა ტრილიონიანი ტრადიციული დატაცენტრები სწრაფ კომპიუტინგზე გადააწყონ და ახალი ტიპის დატაცენტრები - AI-ქარხნები ააშენონ, რომელიც ახალ საქონელს - ხელოვნურ ინტელექტს ქმნის. ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვნად გაზრდის პროდუქტიულობას ფაქტობრივად ყველა ინდუსტრიაში და კომპანიებს დანახარჯების და ენერგიის დაზოგვაში დაეხმარება, მაგრამ, ამავდროულად, მათი შემოსავლის წყაროებს გაზრდის.
ჩვენი დატაცენტრების ბიზნესის ზრდა განპირობებულია, როგორც გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დასწავლის მიმართულებით არსებული მყარი მზარდი მოთხოვნით, ასევე Hopper-ის პლატფორმის უპირატესობით. ქლაუდ-სერვისების პროვაიდერ კომპანიებთან ერთად, გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს ინტერნეტში არსებული სამომხმარებლო კომპანიები და კორპორაციები, ხელოვნური ინტელექტის მკვლევრები და საავტომობილო და ჯანდაცვის ინდუსტრიის მომხმარებლები იყენებენ, რითაც მრავალმილიარდიანი ვერტიკალური ბაზრები იქმნება”, - განაცხადა ჯენსენ ჰუანგმა.
ჯენსენ ჰუანგის ამ გზავნილმა, ისევე, როგორც კომპანიის მიერ დაფიქსირებულმა შედეგებმა, პირველ რიგში, კომპანიის აქციონერები აღაფრთოვანა. ფინანსური ანგარიშის გასაჯაროების შემდეგ, კომპანიის აქციის ფასმა ერთბაშად 7%-ით იმატა და NVIDIA-ს არსებობის ისტორიაში პირველად გადააჭარბა $1,000-იან ნიშნულს. საერთო ჯამში, ბოლო ერთ თვეში NVIDIA-ს აქციის ფასმა 15%-ით იმატა, ნახევარ წელიწადში კი, აქციის ფასი, ფაქტობრივად, გაორმაგდა. ხუთწლიან პერიოდში კი, ჯენსენ ჰუანგის კომპანიამ 2,500%-იანი ზრდა დააფიქსირა.
მაშ, რა განაპირობებს ამერიკული კომპანიის ასეთ აღმასვლას? ჯენსენ ჰუანგის კომპანიის შემოსავლების მკვეთრი ზრდა ხელოვნური ინტელექტის ბუმითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტის ოპერირებას ზემძლავრი კომპიუტერული მოწყობილობა სჭირდება, რომელსაც სწორედ NVIDIA აწარმოებს. რაც უფრო მეტი კომპანია დაიწყებს საკუთარი AI-პროექტის განხორციელებას და რაც უფრო მეტი მომხმარებელი ისარგებლებს ბაზარზე წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტით, უფრო მაღალი იქნება მოთხოვნა NVIDIA-ს პროდუქციაზე, რაც, საბოლოო ჯამში, კომპანიის შემოსავლების და კაპიტალიზაციის ზრდას შეუწყობს ხელს.