მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Oasis-ის 2025 წლის ტურნეს ყველა ბილეთი 10 საათში გაიყიდა

ძმები გალაჰერები / ოაზისი

ძმები ლაიამ და ნოელ გალაჰერები, რომელთაც პლანეტა ჯგუფ “ოაზისის” სახელად იცნობს, მუსიკალურ სცენას უბრუნდებიან. დიდი შერიგების შესახებ ძმებმა გალაჰერებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რასაც მალევე მოჰყვა აჟიოტაჟი, როგორც ბრიტანულ როკჯგუფზე შეყვარებულ მილენიალებში, ასევე 90-იანი წლების ვინტაჟის მოყვარულ “თაობა Z-ში”, რასაც ყველაზე ნათლად ის ფაქტი ასახავს, რომ “ოაზისის” 2025 წლის მუსიკალური ტურნეს ყველა ბილეთი, რაც დაახლოებით მილიონ ოთხასი ათასის ტოლია, არასრულ ათ საათში გაიყიდა.

საერთო ჯამში, ბრიტანული როკჯგუფის ჩვიდმეტი კონცერტი გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიაში ჩატარდება. თავდაპირველად, ძმებ გალაჰერებს თოთხმეტი კონცერტის გამართვა ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ ძალიან დიდი მოთხოვნის ფონზე, კონცერტების რაოდენობამ იმატა. თუ მუსიკალური ბიზნესის თავისებურებებს და ინდუსტრიაში ბოლო დროს ჩატარებულ არაერთ მრავალმილიონიან ტურნეს გავიხსენებთ, ლოგიკურია, რომ მომდევნო წლებში, ძმები გალაჰერები როკს სხვა კონტინენტებზეც დაუკრავენ.

“ოაზისი” ბრიტანული როკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელიც ძმებმა ნოელ და ლაიამ გალაჰერებმა მანჩესტერში, 1991 წელს დააფუძნეს. მას შემდეგ, “ოაზისმა” არაერთი საკულტო ალბომი გამოუშვა, რომელთაც მუსიკოსებს მსოფლიო აღიარება მოუტანა. “ოაზისს” Spotify-ზე 27.3 მილიონი ყოველთვიური მსმენელი ჰყავს, ხოლო ჯგუფის ყველაზე ცნობილ სიმღერას, სახელწოდებით Wonderwall, მელომანებმა ორ მილიარდჯერ მოუსმინეს, რითაც ის მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპოზიციად იქცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები