მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ობიექტის დირექტორი ხანძრის მიზეზებზე: შესაძლოა, ლაურა ღაჭავას შვილებზე გასვლას ცდილობენ

5cf9791741ce6
BM.GE
07.06.19 00:33
1722
ბაზრობა "ჩაინა ლილო სითის" დირექტორი ზვიად ქირია მისი ოპერირების ქვეშ მყოფი სავაჭრო ობიექტების ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენას შესაძლო დივერსიით ხსნის.

როგორც მან "რუსთავი 2"–თან ინტერვიუში განაცხადა, ეს ტერიტორია, სადაც ხანძარი გაჩნდა, მას "ლილო სითის" მფლობელ ლაურა ღაჭავასგან არენდით აქვს აღებული და გამორიცხული არ არის, რომ ღაჭავაზე ზეწოლის მიზნით, დაინტერესებულმა პირებმა ხანძარი გააჩინეს.

აქვე, ქირია განმარტავს, რომ მასსა და ლაურა ღაჭავაზე მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს, თუმცა – რა სახის და ვისი მხრიდან, არ აკონკრეტებს.

"ხანძარი რამ გამოიწვია, არ ვიცით.

ბაზრობის მფლობელებსა და ოპერატორებს აქვთ პრობლემები მთავრობასთან. პრობლემებია მთავრობის მაღალჩინოსნებთან, რომლებიც ცდილობენ რაღაც უმსგავსობებს, როგორც ყველგან. წილებზე არ არის დავა, ზოგადად ზეწოლაა მთავრობის მხრიდან, პირადად ჩემზე და სხვებზეც. სხვების ნაცვლად მე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემზე არის. უმსგავსობებს ვუწოდებ მე ამ ზეწოლას", – განაცხადა მან, თუმცა არ დაუკონკრეტებია, მისგან რას ითხოვენ.

"ჩემგან კი არ ითხოვენ, გვართმევენ ქონებას – პროკურატურა, სასამართლო, შსს... სუს–ია თავი და თავი ყველაფრის და ა.შ. მოქალაქეები ძალიან დაუცველები არიან.

სუს–თან და პროკურატურასთან პრობლემები პირადად მე მაქვს, მაგრამ "ლილო სითის" მფლობელია ლაურა ღაჭავა. ჩვენ "ჩაინა ლილო სითი" მეპატრონისგან არენდით გვაქვს აღებული.

მე არ ვიცი ქალბატონს რაზე ედავებიან, მაგრამ ზოგადად, დიდი ზეწოლა რომ არის, ვიცი. ვიცი, რომ მის ოჯახზეა დიდი ზეწოლა. მე უფრო ამას ვუკავშირებ (ხანძარს) და ვფიქრობ, რომ ზუსტად მის შვილებთან დაკავშირებით არის ზეწოლა. მისი შვილები ძალიან ცნობილი ადამიანები არიან... ვარაუდის დონეზე ვუკავშირებ მე ამას (ხანძარს)", – განაცხადა ქირიამ.

კითხვაზე, მაღალჩინოსნების პროვოცირებულია თუ არა ხანძარი, მან პასუხად განაცხადა, რომ მსგავს ფაქტს არ გამორიცხავს.

"ღაჭავაზე ზეწოლა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს", – აღნიშნა მან და დასძინა, რომ სავარაუდოდ, ღაჭავაზე ზეწოლით მის შვილებზე გასვლას ცდილობენ.

რაც შეეხება ხანძრის შედეგად განადგურებულ ქონებას, ზვიად ქირიას ინფორმაციით, ხანძარი რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრზე გაჩნდა, რის შედეგადაც დიდი ოდენობის უძრავი და მატერიალური ფასეულობა განადგურდა.

როგორც ქირია განმარტავს, ხანძრის ტერიტორიაზე საბითუმო საქონლის მაღაზიებია განლეგებული.

მისი ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით, 22:00 საათზე გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები