„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მიხედვით, 1 სექტემბრიდან თამბაქოს ნაწარმისა და აქსესუარის ვიტრინაზე, დახლზე ან თაროზე რეალიზაცია აიკრძალა ისე, რომ ის ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან.
ბიზნესი აცხადებს, რომ კანონის ეს მუხლი სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რადგან მეწარმეებისთვის უცნობია ჩაითვლება თუ არა კანონდარღვევად ის შემთხვევა, როცა მაღაზიის კარების გაღებისას გამოჩნდება თამბაქოს პროდუქცია.
„ძალიან მძიმე მდგმარეობაში ჩააყენეს შემოსავლების სამსახური იმიტომ, რომ მათ უხდებათ აღსრულება და სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანია კონკრეტულად ეს მუხლის. რომ გავიდეთ ბაზარზე იქ დავინახავთ, რომ ბევრს აქვს ჩამოფარებული ზეწრები, რაც არის საშინელი არამარტო კომპანიების, არამედ ქვეყნის ტურისტული იმიჯისთვის“-აცხადებს „ბრითიშ ემერიქან ტობაკოს“-ს წარმომადგენელი, ზვიად სხვიტარიძე.
ეს საკითხი განხილულ იქნა პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტში შექმნილ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რომესაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ბიზნესომბუდსმენის მოადგილე, ზურაბ ძნელაშვილი აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფის პოზიციაა, რომ თამბაქო ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა იყოს ხილვადი ობიექტის გარედან.
„სწორედ დარგმა დასვა ხილვადობის აკრძალვის ნორმის განმარტებასთან დაკავშირებით საკითხი. მათ ჰქონდათ ორი შეკითხვა: ერთი, როდესაც კარები გაიხსნება მაღაზიის მომხმარებლის შესვლისას ან გამოსვლისას, ამ დროს თუ გამოჩნდა თამბაქოს ნაწარმი ის ითვლება თუ არა გარედან ხილვადად და მეორე, ეს არის, როდესაც ობიექტს წინა ფასადი აქვს შუშის, რომელზეც გაკრულია სტიკერი, თუმცა დაკვირვებით და ახლოს მისვლით მაინც ჩანს ობიექტის შიგნით განლაგებული თამბაქოს პროდუქცია და ეს თუ ითვლება გარედან ხილვადად.
ამ საკითხზეც იქნა მსჯელობა და მე როგორც შთაბეჭდილება დამრჩა, სამუშაო ჯგუფმა ჩათვლა, რომ ნებისმიერი ფორმით გარედან ხილვადობა უნდა იყოს აკრძალული, მათ შორის კარების გახსნის დროსაც და იმ შემთხვევაშიც, თუ გარე ფასადი არ არის საკმარისად დაბურული. ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა, რომ შესრულდეს მოთხოვნა, თამბაქო არ უნდა იყოს ხილვადი ნებისმიერ შემთხვევაში“-განმარტავს bm.ge-თან ზურაბ ძნელაშვილი.
სამუშაო ჯგუფი ამ ეტაპზე მორიგ შეზღუდვაზე მუშაობს, რომ თამბაქო სურსათთან და სხვა პროდუქტებთან ერთად აღარ გაიყიდოს. რა იგულისხმება „სხვა პროდუქტებში“ ზუსტ ფორმულირებაზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ.