მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნების" დეპუტატები უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე აქციზის გათანაბრების ინიციატივით გამოდიან

5c1bbb09e7a49
თამუნა ქემერტელიძე
20.12.18 20:24
1086
„უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე აქციზის გადასახადი თანაბარი უნდა იყოს“, - ამის შესახებ BM.Ge-ის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცხადა.

მისი თქმით, საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორი თავად არის და კანონპროექტს განსახილველად პარლამენტს ხვალ წარუდგენს.

დეპუტატის განმარტებით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესვლის შემდეგ, უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი ფილტრიანისას გაუთანაბრდება ანუ 20 ღერზე აქციზი 1.7 ლარი იქნება.

„საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის 45 მლნ ლარით გაზრდას გამოიწვევს ანუ აქციზის გადასახადიდან შემოსავლები გაიზრდება 45 მილიონით. კერძოდ, უფილტრო სიგარეტების რაოდენობა, რომელიც ახალი განაკვეთით დაიბეგრება იქნება 40 მილიონ კოლოფამდე, რაც სხვაობის გათვალისწინებით გვაძლევს 45 მილიონ ლარის დამატებით შემოსავალს. გაანგარიშება გაკეთებულია ყველა ფაქტორის გათვალისწინებით. სხვა არსებითი გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე არ იქნება“, - ნათქვამია „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში.

კანონპროექტის ინიციატორები კაკი ზოიძესთან ერთად არიან საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე, ილია ნაკაშიძე არიან.

ცნობისთვის: ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთის გათანაბრებას მიესალმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.

„ამჟამად უფილტრო სიგარეტზე გადასახადის ნაკლები ტვირთი მოდის, ვიდრე ფილტრიანზე. შედეგად, ხალხი მეტ უფილტრო სიგარეტს ეწევა. ამას კი მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა აქვს ხალხის ჯანმრთელობაზე და ზრდის ჯანდაცვის ხარჯს. ფაქტობრივად, ჯანდაცვაზე იხარჯება თამბაქოს აქციზიდან შემოსული თანხის დიდი ნაწილი. გადასახადის განაკვეთის გათანაბრება ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე დადებით შედეგს მოუტანს მოსახლეობის ჯანმრთელობას და დროთა განმავლობაში შეამცირებს ხარჯს ჯანდაცვაზე. მეტიც, აქციზის ზრდა უფილტრო სიგარეტზე მოიტანს დამატებით საბიუჯეტო შემოსავალს, რაც საჭიროა პრიორიტეტული ხარჯების დასაფინანსებლად: ჯანდაცვის რეფორმისთვის, პენსიების ზრდისთვის და ბავშვთა შემწეობებისთვის“, - განაცხადა ფრანსუა პეშომ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები