მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნების" მინისტრების "უცნობი მრჩევლები"

58be97dbd72ad
თელარა გელანტია
07.03.17 15:20
4105
ბოლო თვეებში ყოფილი დეპუტატების ე.წ. "დასაქმების პროგრამამ", კერძოდ მათი სამინისტროებსა თუ სიპ-ებში კონსულტანტებად და მრჩევლებად დანიშვნამ, თან იმ ფონზე, როდესაც მთავრობას პრიორიტეტად ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება ჰქონდა გამოცხადებული, საზოგადოებაში ბევრი კითხვა და უკმაყოფილება გამოიწვია.

ამიტომ "ბიზნესკონტრაქტი" თავისი პროფილიდან გამომდინარე, დაინტერესდა, ეკონომიკური პროფილის სამინისტროების პირველი პირების მრჩევლებით და შესაბამისი უწყებებიდან მათი ვინაობის, ფუნქციების და ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მინისტრების მრჩევლების უმრავლესობას ვინაობის გამხელა არ სურს.

გამონაკლისი იყო გარემოს და ბუნებრივის რესურსების დაცვის სამინისტრო. მინისტრ გიგლა აგულაშვილის სამი მრჩეველი ჰყავს: მთავარი მრჩეველი გიორგი ცაგარეიშვილია, რომლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1600 ლარს. მინისტრის მრჩევლებს შორისაა გიორგი შარაშიძე და გელა ბუთბაია, რომელთა დარიცხული ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო თვეში 1400 ლარს შეადგენს. რაც შეეხება დანამატებს, როგორც სამინისტროდან მოგვწერეს, ყოველთვიური დარიცხული დანამატი 600 ლარს არ აღემატება. 2017 წელს კი მრჩევლებზე ჯერ (თებერვლის მდგომარეობით) პრემია არ გაცემულა. გელა ბუთბაიასა და გიორგი შარაშიძეზე კი დარიცხულია ერთჯერადად საახალწლო პრემია, რომლის ოდენობა შეადგენს 1400 ლარს თითოეულ მრჩეველზე. რაც შეეხება მინისტრის მრჩევლების ფუნქციებს, მათ შორისაა: პარლამენტთან ეფექტური კომუნიკაცია მთავარი მრჩევლის შემთხვევაში, ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების საუკეთესო პრაქტიკის ანალიზი ევალება მეორე მრჩეველს; პრიორიტეტების სამართლებრივი და ტექნიკურ-ფინანსური შეფასებების ანალიზი შედის მესამე მრჩევლის ფუნქციებში.

ამ დროისთვის მრჩეველი საერთოდ არ ჰყავს ფინანსთა მინისტრს, ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს. თუმცა მისგან განსხვავებით, ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიას 3 მრჩეველი ჰყავს, რომელთა სამუშაო აღწერილობაში შედის: სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალი საკითხების ანალიზი; სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალი საკითხების კოორდინაცია; სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციის გაწევა, რეკომენდაციების მომზადება; მინისტრის დავალებების შესრულება; მინისტრისთვის კომპეტენტური კონსულტაციების გაწევა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას მრჩევლების ვინაობას, განათლება/კვალიფიკაციას და სამუშაო პერიოდს, ასვე მიღებული პრემიისა და დანამატის შესახებ ინფორმაციას, როგორც ოფიციალურად მოგვწერეს, აღნიშნული წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს და საჯარო დაწესებულება ვალდებულია, არ გაახმაუროს. თან როგორც გავარკვიეთ, არც მრჩევლებს აქვთ ამის პირადი ნება. თუმცა საჯაროა თითოეული მრჩევლის თანამდებობრივი თვიური სარგო, რომელიც 1800 ლარს შეადგენს.
სამი მრჩეველი ჰყოლია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძეს, მაგრამ როგორც სამინისტროს ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, მათაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩიეს. რაც შეეხება მრჩევლების ფუნქციებს, მათი მოვალეობები თურმე კონკრეტულად განსაზღვრული არ არის.

"ვინაიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე პირი ინიშნება უკონკურსოდ, მინისტრის უფლებამოსილების ვადით და ითვალისწინებს მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მითითებების განხორციელებას, სამინისტროში სამართლებრივი აქტით კონკრეტული მოვალეობები დადგენილი არ არის“, - ეს არის ამონარიდი სამინისტროს ოფიციალური წერილიდან.

ფუნქციებისგან განსხვავებით, კონკრეტულია მრჩევლების ხელფასები. ალავიძის მრჩევლების თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1900 ლარს. ასევე, მინისტრის მრჩევლებზე, ერთობლივად, დაწესებულია ჯამში 3 150 ლარის დანამატი.

სამი მრჩეველი ჰყავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგნეეკოსაც. თუმცა ეს უწყება მრჩევლების ნაწილში სხვა სამინისტროებისგან იმით განსხვავდება, რომ მინისტრის მოადგილესაც ჰყავს ერთი მრჩეველი, რომელსაც ევალება „დახმარება გაუწიოს ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრაში, ასევე დასაქმებულს ევალება მინისტრის მოადგილის სხვადასხვა დავალებების შესრულება. თავად მინისტრის მრჩევლების ფუნქციები კი ასე გამოიყურება: „მრჩეველი #1 - მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის, ღონისძიებათა დაგეგმვისა და ორგანიზების ხელმძღვანელობა. მრჩეველი #2 - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფინანსური ანალიზისა და ზარალების მართვის სისტემის ანალიტიკა, მინისტრის სხვადასხვა დავალებების შესრულება. მრჩეველი #3 - მინისტრთან კონსულტაციების გაწევა სამართლებრივ საკითხებზე“.

რაც შეეხება მინისტრის და მისი მოადგილის მრჩევლების თანამდებობრივ სარგოებს, სხვა სამინისტროებისგან განსხვავებით, უწყებიდან მხოლოდ ჯამური ოდენობა გამოგვიგზანეს, რომლის თანახმად, 2017 წელს მინისტრის მრჩევლებისა და მინისტრის მოადგილის მრჩევლის თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა 12 150 ლარი, ხოლო პრემიამ - 7150. ეს ინფორმაცია მივიღეთ 22 თებერვალს.

ყველაზე მეტი - ოთხი მრჩეველი ჰყავს ენერგეტიკის მინისტრ, ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს, მაგრამ ვინ არიან ისინი, არ ვიცით, რადგან მათაც ვინაობის გამჟღავნების სურვილი არ აქვთ. ამიტომ სამინისტრომ ოთხი მრჩევლიდან სამის განათლების და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია მათი სახელების და გვარების გარეშე მოგვაწოდა. CV-ებიდან ირკვევა, რომ ორი მრჩეველი ამ პოზიციაზე 2011 წლიდან არის ანუ დიდი ალბათობით კახი კალაძემ მათთან თანამშრომლობა გააგრძელა. მრჩევლებს განათლება საქართველოში აქვთ მიღებული. ერთ-ერთი მრჩევლის CV-ში ენების ცოდნის გრაფაში მშობლიურ ენად „რუსულია“ მითითებული.

რაც შეეხება მრჩევლების ანაზღაურებას, თანამდებობრივი სარგო მრჩევლის I კატეგორიისათვის განსაზღვრულია 1 770 ლარით, ხოლო II კატეგორიის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1 540 ლარს. მინისტრის სამი მრჩევლისათვის სახელფასო დანამატი თითოეულისათვის შეადგენს 500 ლარს, ხოლო ერთი მრჩეველისათვის სახელფასო დანამატი საერთოდ განსაზღვრული არ არის. აღსანიშნავია, რომ მრჩევლებს ძირითადად ევალებათ მათი კომპეტენციის ფარგლებში ხელძღვანელობის დავალებების შესრულება, მათ შორის შეიძლება იყოს სართაშორისო დონის შეხვედრებში მონაწილეობა, საინფორმაციო-ანალიტიკური მასალის მომზადება მინისტრის ვიზიტებისათვის, ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებაში მონაწილეობა, დარგში არსებული ფინანსური საკითხების მონიტორინგი, ანალიზი და სათანადო დასკვნების მომზადება და ა.შ.

მინისტრების მრჩევლის ინსტიტუტს "მოგონილ თემას“ უწოდებს საგარეო-ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის ყოფილი მრჩეველი, ექსპერტი გია ხუხაშვილი. ის ფიქრობს, რომ ლოგიკურია პრემიერს, პრეზიდენტის მსგავსად ჰყავდეს პროფილური მრჩევლები, მაგრამ „მინისტრების მრჩევლის ინსტიტუტი სასაცილო და კურიოზულია, რადგან სამინისტროებში ისედაც არის შესაბამისი დეპარტამენტები და განყოფილებები, საიდანაც შესაძლოა, მინისტრებმა საჭირო ინფორმაციები მიიღონ.

"მრჩევლების ინსტიტუტი ძირითადად გამოყენებულია საჭირო ხალხის დასაქმებისთვის ან პირობითად „პენსიონერების დასაქმებისთვის“ ანუ ვიღაც იყო დეპუტატი ან რაიმე დამსახურება აქვს პარტიის წინაშე და დასაქმება სჭირდება. ვფიქრობ, მრჩევლის ინსტიტუტი შეიძლება იყოს გამოყენებული გარკვეული დროით, როცა მაგალითად სამინისტრო მუშაობს რაიმე არაპროფილურ მიმართულებაზე და სჭირდება პროფესიული ვაკუუმის შევსება“, - აცხადებს გია ხუხაშვილი. მისთვის ასევე გაუგებარია, რატომ მალავენ მრჩევლები საკუთარ ვინაობას.

"ვინაობის არგამხელა სრული აბსურდია; რომელი სპეცსამსახურების წარმომადგენლები ისინი არიან?! ეს არასერიოზული საქციელია. თუ საფარქვეშ მომუშავე აგენტურაა, ეს სხვა საკითხია. შეიძლება „ოდეერები“ არიან და ამის გამო მალავენ ვინაობას“, - აღნიშნა “ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას გია ხუხაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები