მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოდაბადე“ - თბილისში სწრაფი კვების მეგრული ობიექტი ამოქმედდა

637f6d167968e
თინათინ ნატმელაძე
25.11.22 09:35
1896
თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე ახალი კვების ობიექტი „ოდაბადე“ ამოქმედდა, რომელიც ტრადიციულ მეგრულ რესტორანსა და სწრაფი კვების პირველ მეგრულ ობიექტს აერთიანებს.

რესტორნის კონცეფციასა და მიზნებზე მისმა დამფუძნებელმა დავით ბრელიძემ BM.GE-სთან ისაუბრა. მისი ინფორმაციით, „ოდაბადე“ 20-მდე ადამიანს ასაქმებს. მზარეული და მისი გუნდი კი სპეციალურად სამეგრელოდან, ზუგდიდიდან ჩამოიყვანეს, რათა კერძები დიდი სიყვარულითა და სიზუსტით შექმნილიყო.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას - დამფუძნებლის ცნობით, ქვეყანაში პროდუქციაზე ფასის მკვეთრი ზრდის გამო, ზოგიერთ შემთხვევაში, საკუთარი მოგების მარჟის ხარჯზე, კერძებზე ხელმისაწვდომი ფასების შენარჩუნებას ცდილობენ და ის საერთო ჯამში საშუალო სეგმენტზეა გათვლილი. რესტორნის ტერიტორია დიდ დარბაზს, იზოლირებულ და გარე სივრცეებს აერთიანებს და აქ დაახლოებით 100-მდე სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი. ის სრულად დამფუძნებლის ინვესტიციით შეიქმნა, თუმცა დავით ბერელიძე მისი მოცულობის დაზუსტებისგან თავს იკავებს.

„ჩვენი ობიექტი ორ ნაწილად იყოფა - ერთი უშუალოდ რესტორანია, სადაც კლასიკური მეგრული კერძები მზადდება, მეორე ნაწილი კი გასტროსივრცეა, რომელიც პირველი მეგრული სწრაფი კვების ობიექტია და აქ მომხმარებელს სხვადასხვა თანამედროვე კერძებში ინტეგრირებულ მეგრულ გემოებს ვთავაზობთ - საქონლის ხორცის სენდვიჩი შებოლილი ყველის სოუსით, ქათმის სენდვიჩი მეგრული აჯიკის სოუსით ან ხარჩოს სოუსით, სულგუნის სენდვიჩი გებჟალიას სოუსით და ა.შ.

ამ ობიექტის მთავარი მიზანია, რომ ადამიანებს თავიანთი საყვარელი გემოები ტრადიციული კერძების გარდა, სხვა ფორმითაც მიაწოდოს, განსაკუთრებით მათ, ვინც სამსახურიდან ლანჩზე გამოდის და დიდი დრო არ აქვს. "ოდაბადეს" ინტერიერიც კონცეფციასთანაა თანხვედრაში - აქ მეგრული ოდა სახლებისთვის დამახასიათებელი გარემო, ხალიჩები და სხვადასხვა აქსესუარი თანამედროვე ელემენტებს ერწყმის. დიზაინი მთლიანად ჩვენი, დამფუძნებლების იდეებით შეიქმნა“, - განმარტავს დავით ბრელიძემ.

„ოდაბადეს" დამფუძნებელი ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა მომხმარებლისთვის რესტორნის კონცეფციის სწორად მიწოდება იყო - მათ მოუწიათ, ადამიანები დაერწმუნებინათ, რომ მეგრული გემოებისა და დასავლური კერძების ინტეგრაციით კარგი პროდუქტი შეიქმნებოდა.

ახლად გახსნილი კვების ობიექტის დამფუძნებლებს უკვე აქვთ განვითარების გეგმა, რომელიც უახლოეს მომავალში სწრაფი კვების ახალი ობიექტის დამატებას გულისხმობს.

„ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან მათ სივრცეში ჩვენი სწრაფი კვების ობიექტის გახსნის შეთავაზება გვაქვს, დეტალები ჯერ დაზუსტებული არაა, თუმცა სავარაუდოდ, მალე ახალი ობიექტით ვიქნებით წარმოდგენილი“, - ამბობს დავით ბრელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები