მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოდას“ ორგანული ღვინო წელს ექსპორტზე კანადასა და დიდი ბრიტანეთში გავიდა

61b35b0542227
ვიქტორია მღებრიშვილი
10.12.21 19:54
722
საოჯახო მარან „ოდას“ ორგანული ღვინო წელს ექსპორტზე 2 ახალ ბაზარზე - კანადასა და დიდი ბრიტანეთში გავიდა. ამის შესახებ BM.GE-ის მცირე მარნის დამფუძნებელმა ქეთო ნინიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მარანმა დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი ფერმერებიდან უცხო ვაზის ვენახებიდან ყურძნის ჩაბარება და ღვინის წარმოება 2015 წლიდან დაიწყო, ხოლო ორგანული და ქვევრის ღვინის ექსპორტი პირველად 2016 წელს განახორციელა. დღეისთვის საწარმოო მოცულობები 6 000 ბოთლს აღწევს და მისი დიდი ნაწილი 85% ექსპორტზე გადის.

აშშ-ს, შვედეთის, დანიის, გერმანიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, ისრაელის, იაპონიის, ავსტრალიის შემდეგ მცირე მეწარმემ მიმდინარე წელს ახალ ბაზრებზე შესვლაც შეძლო და ღვინო კანადასა და დიდი ბრიტანეთში გაიტანა.

„მოთხოვნა გვაქვს ჩეხეთიდან, ტაივანიდან და ჩინეთიდან, თუმცა წარმოების სიმცირის გამო ჯერ ამ ბაზრებიდან არსებულ მოთხოვნას ვერ ვპასუხობთ“, - ამბობს ქათო ნინიძე.

საერთაშორისო ბაზრებიდან არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის ხარისხზე ორიენტირებული წარმოება მომავალი წლიდან წარმოების მოცულობის გაზრდაზე იწყებს ზრუნვას.

„გვინდა, წარმოების გაზრდა, თუმცა საფინანსო ბაზარზე არსებული არასტაბილური მდგომარეობის გამო, რაშიც გაზრდილ რეფინანსირების განაკვეთს და გაძვირებულ სესხებს ვგულისხმობ, ჩვენნაირი მცირე მეურნეობებისთვის გამოწვევაა, მაგრამ ვენახების გაშენებას და ყურძნის მოყვანას მაინც ვგეგმავთ. ფართობებზე საუბარი ჯერ არ შემიძლია, თუმცა მარტვილში ვენახის გაშენებას ვგეგმავთ და შედეგად ჩვენი ვენახიდან მოკრეფილი ყურძნითა და ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობით 10 წელიწადში ღვინის წარმოების 15 000 ბოთლამდე გაზრდა გვინდა“, - განმარტა ქეთო ნინიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები